მთავარისაქართველოახალი სასწავლო წელი ძველი ინფრასტრუქტურული პრობლემებით

ახალი სასწავლო წელი ძველი ინფრასტრუქტურული პრობლემებით

საქართველოს მასშტაბით 50 000-ზე მეტმა ბავშვმა წელს საკლასო ოთახებში პირველად შეაბიჯა, თუმცა სკოლის პირველი დღე ყველასთვის ერთნაირი არ აღმოჩნდა. ახალ სასწავლო წელს ქვეყანა კვლავ ძველი ინფრასტრუქტურული გამოწვევებით შეხვდა. თბილისში მცხოვრები ასობით მოსწავლისთვის უკვე არაერთი წელია, უცნობია მშობლიური სკოლის კედლებში გაკვეთილებს შორის დარეკილი ზარის ხმა და ჩვეული სასწავლო გარემო.

ნაძალადევის რაიონი, ცოტნე დადიანის გამზირი. სკოლების საკითხი თბილისის ამ ნაწილში განსაკუთრებით პრობლემურია. რამდენიმე წლის წინ ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთზე აქ ოთხი საჯარო სკოლა მდებარეობდა. ახლა კი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნაცვლად, სამშენებლო ღობეები და სკოლის პროექტების ბანერებია გამოკრული. ღობეებს მიღმა კი სამშენებლო სამუშაოები უმეტეს შემთხვევაში არ მიმდინარეობს. სკოლების ხელახლა აშენების მიზნით, ცოტნე დადიანის გამზირი მშობელთა საპროტესტო აქციების კერად არაერთხელ იქცა.

„გასულ წელს მშობლები შევხვდით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დავაყენეთ დღის წესრიგში, სწორედ ინფრასტრუქტურული პრობლემების თემა იყო. მინისტრმა ორი კომენტარით გვიპასუხა. მისი პირველი პასუხი იყო: თქვენი უფლებაა აქციების გამართვა და რამდენი აქციაც გინდათ, იმდენი გამართეთ. რითაც, ალბათ, ფიქრობდა, რომ მშობლები ნიჰილიზმში ჩავარდებოდნენ. რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათგან ეს მიზანი მიღწეულია. მეორე პასუხი კი იყო: მე თვითონაც არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში აზრად ერთ უბანში ხუთი სკოლა დაენგრია“, – ამბობს ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სასწავლო ტექნიკით აღჭურვა მთავრობამ მიზნად 2019 წელს დაისახა. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი გამოიყო და მას პრიორიტეტული სტატუსი მიენიჭა. ამის მიუხედავად, სამუშაოების ვადებმა არაერთხელ გადაიწია. განათლებისა და მეცნიერების იმდროინდელი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობდა, რომ „2023 წლისთვის სკოლების ინფრასტრუქტურის პრობლემა სრულად მოგვარდებოდა“, თუმცა ამ განცხადებიდან 4 წლის შემდეგ გიორგი ამილახვარმა პროექტის დასრულების ახალ თარიღად 2027 წელი დაასახელა.

„უამრავი ბავშვისთვის საგაკვეთილო პროცესის დრო არის შემცირებული. ყოველდღიურად ჩვენ მათ ვაკლებთ რამდენიმე ათეულ წუთს იმ გაკვეთილიდან, რაც მათ უნდა ჩატარებოდათ. გვაქვს სკოლები, სადაც სამ ცვლაში მიმდინარეობს სწავლა. გარდა იმისა, რომ იქ გაკვეთილების ხანგრძლივობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს ეროვნული სასწავლო გეგმით ბავშვებს ეკუთვნით, შეუძლებელია იმ პირობებში ჰიგიენური ნორმების დაცვა. სკოლებს დალაგება-დასუფთავების არავითარი რესურსი არ გააჩნია, რაც, რა თქმა უნდა, დამატებითი პრობლემაა“, – აცხადებს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების პროექტების მენეჯერი ნათია გორგაძე.

დათქმულ ვადებში შეუსრულებელი სამუშაოების გამო სასწავლო პროცესის გაგრძელება მოსწავლეების ნაწილს სხვა, ალტერნატიულ შენობებში მოუწიათ, ნაწილი კი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მოსწავლეების სხვა სკოლების შენობებში გადამისამართებამ დამატებითი ცვლების შემოღება გამოიწვია, რასაც მშობლები, თავის მხრივ, სხვა პრობლემების გამომწვევად მიიჩნევენ. თემასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ცნობა „ევრონიუს ჯორჯიასთვის“ მოთხოვნისა და დაკავშირების მცდელობების მიუხედავად არ მოუწოდებია, თუმცა უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი არც ერთ სკოლაში არ შეფერხებულა.

„გაცნობებთ, რომ სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების გამო არც ერთ სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა არ შეფერხებულა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. სკოლები, სადაც მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოები ტარდება, მოსწავლეებს სთავაზობენ სწავლებას განსხვავებული ფორმატით – ჰიბრიდულ, ან დისტანციურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასშტაბურ სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს, მოსწავლეები გადაყვანილნი არიან ალტერნატიულ ფართში/ახლომდებარე სკოლებში, სადაც მათთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო და ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო. ამასთან, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მოსწავლეების ტრანსპორტირების პროგრამას“, – წერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

შეჩერებული ან დროში გაწელილი სამშენებლო პროექტების მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დედაქალაქში რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა. ყველა მათგანი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებითაა აღჭურვილი და უცხოური გრანტების თანადაფინანსებითაა აშენებული, თუმცა ზოგად ჭრილში ახლად რეაბილიტირებული სკოლების რიცხვი საერთო რაოდენობის თითქმის ერთ მესამედს შეადგენს. საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი გეგმით, 2027 წლისთვის სრულად უნდა დასრულდეს სკოლების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და რემონტის პროცესი და ამით საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემები საბოლოოდ უნდა გადაიჭრას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend