მთავარისაქართველორისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა

რისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა

„ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმისთვის, რომ მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ, დავალების შესაბამისად, ცეცხლის ალყაში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“- ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ბიძინა ივანიშვილმა გორში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა. მმართველი პარტიის დამფუძნებელი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როცა „ომის გამჩაღებლები“ გასამართლდებიან და როდესაც, მისი თქმით, ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უკლებლივ ყველა დამნაშავე უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, საქართველო ბოდიშის მოსახდელად ძალას გამოძებნის.

ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულ სამხედროთა ოჯახები. მათ შორის იყო გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნული გმირის წამების ამსახველი ფოტო წარწერით: „2008 წლის 9 აგვისტო „ოსი ძმების“ ჩექმა გიორგის ზურგზე“.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ანტისახელმწიფოებრივად აფასებენ ოპოზიციაში.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე ამაზრზენი და მოღალატეობრივი განცხადება. რას ეუბნება ივანიშვილი ჩვენი ეროვნული გმირების ოჯახებს, მათ მეუღლეებს, დედებს, შვილებს? რომ მათ ჩვენ ყველამ ბოდიში უნდა მოვუხადოთ? ბოდიში უნდა მოვიხადოთ მტრის წინაშე? საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის. ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული განცხადება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ განცხადებაზე პასუხს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

„ბიძინა ივანიშვილის განცხადება ქვეყნის პირდაპირი ღალატია. ეს ძალიან ცუდად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ეს ბოდიში, მისი აზრით, მოსახდელია არა ოსი ან აფხაზი მოქალაქეებისათვის, არამედ რუსეთისათვის, პირადად პუტინისადმი. ის პირდაპირ დასავლეთს აბრალებს წამქეზებლობას, პროვოკატორობას, საქართველოს ხელისუფლების რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას“,– განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის კრიტიკას სპეკულაციას უწოდებენ მმართველ პარტიაში.

„ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის, აქაც აჩვენა თავისი სახე. აჩვენეს, რომ მზად არიან ყველა საკითხზე სპეკულაციისთვის. მათ შორის, მზად არიან, ამოეფარონ ჩვენი გმირების სახელებს, რომლებმაც 2008 წელს გმირულად იბრძოლეს, დაიღუპნენ, ახლა ამ გმირების სახელებს ეფარებიან, თითქოს საუბარი იყოს მათზე, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა 2008 წელს, თუ სხვა დროს. ომის დამნაშავეებს პასუხს გასცემს მართლმსაჯულება და ამას აკეთებს „ქართული ოცნება“”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ინიციატივას იწონებენ მოსკოვში. კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის შეფასებით, საქართველო განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა და მოსკოვი ამას მხოლოდ მიესალმება. ივანიშვილის განცხადებას ისტორიული უწოდა ნადანა ფრიდრიხსონმაც და აღნიშნა, რომ თბილისი მოსკოვთან ურთიერთობის ახალ დონეზე გადადის.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend