მთავარისაქართველორუსული პროპაგანდის თავისებურებები - როგორ მუშაობს დეზინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში

რუსული პროპაგანდის თავისებურებები – როგორ მუშაობს დეზინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველო რუსეთის საინფორმაციო ომის კიდევ უფრო გამოკვეთილი სამიზნე ხდება – ეს თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფაქტების ანალიტიკოსთა კონფერენციის მონაწილე არაერთი ქართველი თუ დასავლელი ექსპერტისა და მკვლევრის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია ღონისძიებიდან, რომლის მიზანიც რეგიონში მავნე ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაა. 12 და 13 სექტემბერს 12 ქვეყნიდან ჩამოსულმა 40-მდე პროფესიონალმა თბილისში დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე იმსჯელა. კონფერენციის მთავარ საკითხებს შორის იყო რუსეთის ჰიბრიდული ომი, რომელიც საქართველოსთან ერთად მთელ რეგიონს, უკრაინასა და სხვა არაერთ სახელმწიფოს ეხება.

„რუსებს უნდათ, რომ რელიგიასთან თუ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნიშნებით დაგვყონ. მათ სურთ დარწმუნდნენ იმაში, რომ უკრაინა კრემლისთვის ხელსაყრელ სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერს ხელს. ამ თემით მოსკოვი ძალიან კარგად მანიპულირებს. ეს მანიპულაციები ეხება ნატოს სახელმწიფოებსაც. რაც შეეხება საქართველოს, უნდა ვთქვა, რომ უკრაინელები მხარს ვუჭერთ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და მივესალმებით ევროკავშირის ნებას, პასუხისმგებლობა დააკისროს ქართველ პოლიტიკოსებს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო რუსული „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის აბსოლუტური ანალოგი”, – ამბობს იეჰორ ბრაილიანი, Detector Media-ს ანალიტიკოსი.

უკრაინელი ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ რუსული დეზინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში, მეტ-ნაკლებად სხვადასხვა არხით ვრცელდება, თუმცა, ბუნებრივია, უცვლელია შინაარსი. მაგალითად, უკრაინაში რუსული პროპაგანდისთვის ყველაზე ხელსაყრელ პლატფორმად ბოლო წლებში ტელეგრამი იქცა. რაც შეეხება საქართველოს, ქართველ მკვლევრებზე დაყრდნობით, აქ დეზინფორმაციის გავრცელების მთავარ სივრცედ Facebook რჩება.

„საქართველოსა და უკრაინას შორის რუსული პროპაგანდის თავისებურების თვალსაზრისით ბევრი მსგავსებაა. ორივე შემთხვევაში რუსეთი ყველაფერს დასავლეთს აბრალებს. ამბობს, რომ ყველაფერი CIA-ის ოპერაცია, ან რამე მსგავსია. ამტკიცებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დასავლეთის ლეკვები არიან. ეს ასეა კავკასიის მთელ რეგიონში“, – აღნიშნავს იეჰორ ბრაილიანი.

რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიებსა და პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებზე საუბრობენ ატლანტიკური საბჭოს მკვლევრებიც.

„პროპაგანდისგან თავის დაცვისთვის მეტი რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ მთელი საზოგადოების დაცვა გვჭირდება. ამგვარი თავდასხმები კი, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისკენაა მიმართული. ამიტომაც არის პროპაგანდასთან ბრძოლა ასეთი რთული. თავდაცვის ზომების მოქმედებას, მაგალითად, ინფორმირებულობის გაზრდას, ათობით წელი სჭირდება. წარმოიდგინეთ სკოლა, სადაც ბავშვები საბაზისო ცოდნას იღებენ. წლებია საჭირო იმისთვის, რომ ისინი ზრდასრულები გახდნენ და შედეგი მივიღოთ. ასეა მაშინაც, როცა საქმე პროპაგანდასთან ბრძოლას ეხება. რუსული დეზინფორმაციული კამპანია მოკლევადიანი არ არის. ის ხანგრძლივ პერიოდზეა გათვლილი. უნდა გვესმოდეს, რომ დაუყოვნებლივი შედეგები ვერ გვექნება და რომ რუსეთი ამაზე ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან. ბევრი საშუალება, რომელსაც რუსეთი დღესაც კი იყენებს საქართველოსა თუ უკრაინაში, სწორედ საბჭოთა კავშირის ნოსტალგიას უკავშირდება“, – ამბობს რომან ოსადჩუკი, ატლანტიკური საბჭოს ასოცირებული მკვლევარი.

მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ ქართულ საინფორმაციო სივრცეში კარგად გავრცელებულ ე.წ. ომის შიშის ნარატივზეც.

„ეს ნარატივი ახალი არ არის. მას გამოკვეთილად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფები დიდი ხანია ავრცელებენ. ბოლო დროს ვხედავთ, რომ ამ ნარატივს ოფიციალური პირებიც ავრცელებენ და იგი ხალხის შეცდომაში შეყვანასა და დაშინებას ემსახურება. ეს მათ არჩევანზე გავლენის მოხდენის მცდელობაა“, – ამბობს ეთო ბუზიაშვილი, ატლანტიკური საბჭოს ასოცირებული მკვლევარი.

ორი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფაქტების ანალიტიკოსთა კონფერენციაზე დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებასა და მავნე ინფორმაციასა და მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.

მედიის განვითარების ფონდმა დოიჩე ველე აკადემიასა და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციებისთვის კონფერენცია მეორედ ჩაატარა. ღონისძიება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend