საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები აღმასვლას განაგრძობს.
10 სექტემბერს გასვლაზე ეროვნულმა ნაკრებმა ძალიან დაძაბულ და ტაქტიკურ ბრძოლაში ალბანეთი 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი გახდა გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც 71-ე წუთზე დააწინაურა საქართველოს ნაკრები.
Air Albania Stadium-ზე შეკრებილი 22 500 გულშემატკივრის წინაშე, სადაც აბსოლუტური უმრავლესობა ალბანეთის წარმომადგენელი იყო, რა თქმა უნდა, ქართული დროშებიც ფრიალებდა და ქომაგების მცირე ნაწილი ბოლო წუთამდე გვერდით ედგა ეროვნულ ნაკრებს.
ზედიზედ მეორე ტრიუმფამდე კი იყო 7 სექტემბერი და ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც ევრო 2024-ის შემდგომ სულმოუთქმელად ელოდნენ ნაკრების მოედანზე დაბრუნებას. რამდენიმე წუთში გაყიდული 27 000 ბილეთი და გადავსებული მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა დამაჯერებელი თამაში აჩვენეს ჩეხეთის ნაკრებს, რომელმაც განვლილ ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს.
33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თავისივე მოპოვებული პენალტი გოლად გარდასახა, შემდეგ იყო ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე და ქოჩორაშვილი. მატჩის მე-80 წუთზე კი ჩეხებმა პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ საქართველომ 4:1 მოიგო.
„განცდა მქონდა, რომ სკოლის მოსწავლეები ვიყავით, ისეთ კონტრშეტევებს გვიწყობდნენ, ნამდვილი გაკვეთილი ჩაგვიტარეს”, – თქვა თამაშის შემდგომ ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა.
სექტემბრის სანაკრებო პაუზა საქართველოს ნაკრებმა 100%-იანი შედეგით დაასრულა: 2/2 მოგება, 5 გატანილი და 1 გაშვებული გოლი.