„ქართული ოცნება“ იყო პირველი პარტია, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საარჩევნო სია წარადგინა. დეპუტატობის კანდიდატების სიის პირველი ოცეული პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ გააცნო საზოგადოებას. პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. ჩამონათვალში არიან თავად პრემიერი, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ყოფილი თუ მოქმედი მინისტრები და საპარლამენტო ლიდერები. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში სხვა ახალ სახეებთან ერთად ოლიმპური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი დასახელდნენ.
„როგორც ხედავთ, ჩვენი საარჩევნო სიის ოცეული შედგება პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი და ახალი წევრებისგან, ახალი სახეებისგან, ყველა ასაკის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან. ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალი სიის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ამ შემადგენლობით „ქართული ოცნება“ წამყვან პოზიციაზეა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოლიმპიური ჩემპიონები პოლიტიკურ გუნდში, პატრიოტიზმის განსაკუთრებული ნიშნით შეარჩიეს.
„როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ღირსებაზე, კეთილდღეობასა და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაციაზე, ეს გზავნილი საზოგადოების მიმართ შემთხვევითი არ არის, მათ შორის განსაკუთრებული ღირსებით ვინც გამოირჩევა, ვინც განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას, ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენს საარჩევნო სიაში. მათ შორის, ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი. ღირსებასთან ასე და ამ ხარისხით ასოცირებული ხალხი ჩვენ ბევრი არ გვყავს, აქედან გამომდინარეა ეს გადაწყვეტილებებიც, ასეთივე ღირსებით გააგრძელებენ ისინი სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებული იქნებიან ამ მიმართულებითაც, რადგან ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ამიტომ იყო, თქვენ როგორც ბრძანებთ, ფსონი, ამიტომ იყო გათვლაც, რაც გნებავთ, დავარქვათ, ღირსეულ ადამიანებზე. პირველ რიგში, თავისი სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება ხოლმე აქცენტირება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები ოპოზიციიდან, მმართველი პარტიის სიას „სუსტსა“ და „წარსულში დარჩენაზე ორიენტირებულს“ უწოდებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ახალს ვერაფერს სთავაზობს და მხოლოდ რეპრესიებს აანონსებს.
„ოცნების“ სიასთან დაკავშირებით კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ – ეს ადამიანები იქნებიან ოპოზიციაში, თუ ამ ოცეულიდან რამდენიმე მათგანი ახალ კოალიციას შეუერთდება, რომელსაც ძირითადად, დღევანდელი ოპოზიცია დააკომპლექტებს, ეს არის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა და არა უბრალოდ, სახელები და გვარები. დანარჩენი, ჩვენ, ყველამ ვიცით, ესენი არიან „ოცნების“ სახეები, ამ სიისა და სახელების, გვარების გასაკეთილშობილებლად რამდენიმე ჩვენი ცნობილი სპორტსმენი დაამატეს. საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველაფერი პირიქით მოხდა, ამ სპორტსმენების რეპუტაციას, მათ სახელებს მოსცხეს ჩირქი და არა იმ მიზანს მიაღწიეს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, რომ თავიანთი სია გაეკეთილშობილებინათ. საბოლოო ჯამში, მთავარი შეკითხვაა იმასთან დაკავშირებით, მათ ეყოფათ თუ არა ნებისყოფა, რომ მომავალი მთავრობის ოპოზიციაში იყვნენ, თუ რამდენიმე ჩემი ვარაუდით, 3-4 მათგანი, შეუერთდება უმრავლესობას“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია, მმართველი პარტიის შემდეგ რომელი პოლიტიკური გაერთიანება წარადგენს საარჩევნო სიას. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
ალეკო გვეტაძე