მარმოლადა იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთის მთათა სისტემის ყველაზე მაღალი მწვერვალია და ცნობილია, როგორც „დოლომიტების დედოფალი“. მისი თვალწარმტაცი მყინვარი, რომელიც ყველაზე დიდია დოლომიტებში – ზამთარში მოთხილამურეებისა და ზაფხულში მთამსვლელებისთვის საყვარელი ადგილია.
თუმცა მეცნიერები, რომლებიც მყინვარს აკვირდებიან, აცხადებენ, რომ მომავალი არც თუ ისე იმედიანია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მყინვარის ფართობის 70 პროცენტი გაქრა, რაც 98 საფეხბურთო მოედანს უდრის.
დოლომიტების ყველაზე დიდი მყინვარი შესაძლოა 2040 წლისთვის სრულად გაქრეს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, მარმოლადის მყინვარი ყოველდღიურად 7-იდან 10 სანტიმეტრამდე სისქეს კარგავს.
1888 წლიდან ანუ, როდესაც მონაცემების აღრიცხვა დაიწყო, მყინვარმა 1200 მეტრით დაიწია უკან.
განგაშის ზარი უკვე შემოჰკრეს გარემოსდაცვითმა ჯგუფმა Legambiente-მა, ალპების დაცვის საერთაშორისო კომისიამ და ალპებისა და იტალიური მყინვარების კომიტეტმა. მეცნიერები პროექტ „მყინვარების ქარავნის“ ფარგლებში აკვირდებიან მყინვარებს და იმას, თუ რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილების შედეგებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
მარმოლადის მყინვარის კვლევაში აქტიურადაა ჩართული მყინვარების კომიტეტი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივლისში გლაციალური მასების ჩამოშლის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა.
ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე კომიტეტის სპიკერმა განაცხადა, რომ მარმოლადის მყინვარი კვდება და მხოლოდ სათხილამურო ტრასების გადარჩენის მიზნით სპეციალური გადასაფარებლების გამოყენება უაზრობაა.
136 წლის წინ ჩატარებული გაზომვითი სამუშაოებიდან ჩანს, რომ მყინვარი 500 ჰექტარ ფართობზე იყო გაშლილი, რაც დაახლოებით 700 საფეხბურთო მოედანს უდრის.
1888 წლიდან კი მყინვარის ფართობის 80 პროცენტი გაქრა, მოცულობით დანაკარგმა 94 პროცენტზე მეტი შეადგინა.
2024 წელს ყინულის მაქსიმალური სისქე 34 მეტრი იყო. ექსპერტები აცხადებენ, რომ ყინულის დაჩქარებული დნობის გამო დიდ სიმაღლეებზე თოვლის საფარი ქრება და ახალი ეკოსისტემები ჩნდება.