ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გაერთიანების გაფართოების საკითხი კვლავ წინ წამოწია.
ევროკავშირის ბოლო გაფართოება 2013 წელს იყო. მაშინ ალიანსში ხორვატია შევიდა. ფონ დერ ლაიენის განმარტებით, მას შემდეგ, ევროკავშირის გაფართოების საკითხი ნაკლებად პრიორიტეტული გახდა. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება 27-ქვეყნიანი კავშირის მომავალ გაფართოებაზეა დამოკიდებული.
ფორუმზე ურსულა ფონ დერ ლაიანის პოზიცია გაიზიარა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის „წყალობით“ ალიანსის გაფართოების საკითხი 10 წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა დღის წესრიგში.
იმის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დასავლეთ ბალკანეთის ექვს ქვეყანას (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი და კოსოვო) დაჰპირდნენ ევროკავშირში გაწევრებას, მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით არ ყოფილა. აღმოსავლეთი ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები შიშობენ, რომ ევროკავშირის მომავალი გაფართოების მიღმა დარჩებიან. თუმცა სერბეთის პოლიტიკური ვითარება ასეთია – არ სურთ ნატოში გაწევრება, ბელგრადისა და მოსკოვის მჭიდრო კავშირი კი, ევროკავშირში გაწევრებას აფერხებს, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
საერთაშორისო ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ არა უკრაინაში შეჭრა, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან 2022 წელს დაწყებული მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით კვლავ შეჩერებული იქნებოდა, ხოლო ბოსნიასა და ჰერცეგოვინას კანდიდატის სტატუსი არ ექნებოდათ.
ფორუმზე ასევე ისაუბრეს იმაზეც, რომ ცალკეული სახელმწიფოები ეროვნული ინტერესების გამო ევროკავშირის გაფართოებას ეწინააღმდეგებიან. მაგალითად, კვიპროსი და საბერძნეთი თურქეთის გამო, საბერძნეთი და ბულგარეთი ჩრდილოეთ მაკედონიის გამო და სხვ.
ფორუმზე ითქვა ისიც, რომ ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერებმა დროა, აჩვენონ კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები.