მთავარისაქართველოცოცვის ფესტივალი ქვემო ნიქოზში - ბავშვების სპორტული განვითარება კონფლიქტის ზონაში

ცოცვის ფესტივალი ქვემო ნიქოზში – ბავშვების სპორტული განვითარება კონფლიქტის ზონაში

სოფელი ქვემო ნიქოზი 2008 წლის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან აღმოჩნდა და მას შემდეგ, ნიქოზელების ცხოვრებაც სრულიად შეიცვალა. სოფლის მცხოვრებნი ამბობენ, რომ სოციალური პრობლემები აქ სულ უფრო მეტად იჩენს თავს და სოფელს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი და მეტი ხალხი ტოვებს.

თუმცა ნიქოზელების თქმით, არის რამდენიმე პროექტი, რომლებიც აქაურებს კონფლიქტის ზონაში ცხოვრებას მცირედით მაინც უმსუბუქებს. მაგალითად, „ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი“ ლაზარე კომახიძის მიერ დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც ნიქოზელი ბავშვების სპორტულ ცხოვრებაში ჩართვასა და სოფელში ხალისის შეტანაზე უკვე ცხრა წელია ზრუნავს.

„ნიქოზის მეკლდეურთა კლუბმა“ მალევე მიიპყრო ბევრის ყურადღება და სხვათა შორის, არა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებთა შორის. ამ კლუბში მიდიან არა მხოლოდ ის ახალგაზრდები, რომლებმაც ნიქოზი ამა თუ იმ მიზეზის გამო დატოვეს, არამედ ბევრი სხვა ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

6 სექტემბერს კლუბმა ცოცვის ფესტივალი გამართა ნიქოზში, საგანგებოდ გამოყოფილ დარბაზში.

„ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი 2015 წელს დავაარსეთ. პირველად მე ნიქოზში 2008 წლის 8 აგვისტოს ჩამოვედი და მას შემდეგ ძალიან ახლო კავშირი დავამყარე როგორც ნიქოზში მცხოვრებ მოსახლეობასთან, ისე ბავშვებთან. წლების შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ ამ ბავშვებისთვის რაიმე სპორტული სახეობა შემეთავაზებინა. მე თვითონ ბავშვობაში სპორტული ცოცვით ვიყავი დაკავებული და გადავდგით პირველი ნაბიჯები, დაგვაფინანსეს, გრანტები მოვიპოვეთ და პირველ ეტაპზე ღია კედელი გავაკეთეთ ზემო ნიქოზში. მალევე ნიქოზელმა ბავშვებმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს საქართველოს შეჯიბრებებზე. მხოლოდ შარშან მოვახერხეთ, რომ გორის მერიამ ერთი უფუნქციო შენობა გადმოგვცა და ჩვენი ძალებით, კეთილი ადამიანების დახმარებითა და ორგანიზაციების ხელშეწყობით, პირველ ეტაპზე შევძელით ამ ბავშვებს ჰქონოდათ გადახურული შენობა, სადაც კვირაში რამდენიმეჯერ ექნებათ მუდმივი გაკვეთილები. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ ბავშვებს უფრო მეტი მხარდაჭერა და ხელშეწყობა ექნებათ“, – ამბობს ლაზარე კომახიძე, კლუბის დამფუძნებელი.

ფესტივალზე მოსულმა სტუმრებმა და მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს კლუბი ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო საქმიანობას ეწევა. მეკლდეურობის წყალობით ნიქოზელ ბავშვებს განვითარების ახალი შესაძლებლობები გაუჩნდათ. მათ არათუ საქართველოში გამართულ შეჯიბრებებზე მიაღწიეს წარმატებას, არამედ რამდენიმე წლის წინ ვენაში გამართულ შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობა.

„ჩვენ ჩამოსული ვართ თბილისიდან. ჩემი შვილი, თეონა ძიძიგური, დაახლოებით ერთი წელია, რაც კედელზე ცოცვაზე ვარჯიშობს. ვარჯიში დაიწყო ლაზარე კომახიძესთან, ვინც არის ორგანიზატორი ამ ფესტივალის და ძალიან მოხარული ვართ, დავუჭიროთ ასეთ ფესტივალებს მხარი ჩვენი მონაწილეობით განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, როგორიც არის ქვემო ნიქოზი კონფლიქტის ზონაში და მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც მოკლებული არიან ასეთ ღონისძიებებს“, – აცხადებს ფესტივალის მონაწილის მშობელი, შალვა ძიძიგური.

ცოცვის ფესტივალი სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.

„ძალიან კარგი განწყობა მაქვს და რომ გითხრათ, ასეთ რთულ ტრასებს არ ველოდი. ვაპირებ, უფრო რთულ ტრასებზეც ავიდე“, – ამბობს დამიანე დავაძე, ფესტივალის მონაწილე.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რაღაცები რომ ტარდება. ბავშვებს მუდმივად  ტელეფონები აღარ უჭირავთ ხელში, მოდიან და ცოტა ერთობიან კიდეც. ჩვენი თაობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გამოიჩინონ საზღვარგარეთ თავი“, – ამბობს ანიტა მეტრეველი, ქვემო ნიქოზის მაცხოვრებელი.

„ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის“ წევრები იმედოვნებენ, რომ ნიქოზელი ბავშვები მეტ ყურადღებას მიიპყრობენ და მომავალში უკეთეს გარემოში, უკეთეს დარბაზში მოახერხებენ ცოცვაში ვარჯიშს.

ავტორი: დავით ბერიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend