მთავარისაქართველოპოლიტიკურ წრეებში აფასებენ პრემიერის ინიციატივას NGO-ების დაფინანსებაზე

პოლიტიკურ წრეებში აფასებენ პრემიერის ინიციატივას NGO-ების დაფინანსებაზე

საქართველოს მთავრობა საგრანტო პროგრამას დააფუძნებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც რეესტრში დარეგისტრირდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 450-ზე მეტი ორგანიზაცია, რომლებმაც დარეგისტრირებისთვის იუსტიციის სამინისტროს მიმართეს, „სამოქალაქო პასუხისმგებლობის“ მაგალითია და ადასტურებს, რომ „უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას“. მის ამ ინიციატივას მიესალმებიან მმართველ გუნდში.

„როგორ შეიძლება, სამოქალაქო სექტორი არ იყოს მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებული, როგორ შეიძლება, ევროპაში, ამერიკაში სამოქალაქო სექტორის დაფინანსება იყოს დემოკრატიის მაჩვენებელი და შენს საკუთარ ქვეყანაში ეს იყოს რუსული, ალბათ, თავისივე უტოპიურ სიყალბეებში თვითონ ირევა ოპოზიცია და ამას ნათლად ხედავს ჩვენი საზოგადოება. მივესალმები პრემიერ-მინისტრის ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ის, რომ ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოება კიდევ უფრო მეტად და, როგორც მან დააანონსა, ორმაგ დაფინანსებას მიიღებს იმისათვის, რომ ქვეყანამ კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლოს და ამ მიმართულებით რეალური საქმე გაკეთდეს, რაც აქამდე ჩვენ არ გვინახავს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა მარიამ ლაშხმა.

ხელისუფლების ოპონენტებს კი მიაჩნიათ, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები კორუფციულ სქემებს ვერ გამოიძიებენ. მათივე შეფასებით, მმართველ გუნდს სურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობო ორგანიზაციებად აქციონ.

„ბიძინა ივანიშვილი რომ მიუშვა, კიდევ უფრო მეტ ეგეთ რაღაცას გააკეთებს, პოლიტიკურ პარტიებსაც დააფინანსებს, ყველას იყიდის. მისთვის ხომ მთავარი პრინციპი არის, რომ „ფული აღმართს ხნავს“, როგორც ჩანს და ასე ცდილობს, რომ რაღაცნაირად თავისი პოზიციები გაიმაგროს არასამთავრობო სექტორში. წარმოიდგინეთ, როგორი აბსურდია, არასამთავრობო სექტორზე გამოდის ხელისუფლება და ამბობს, რომ მთავრობა დააფინანსებს“, – განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა.

„თურმე, რატომ ებრძვიან არასამთავრობო სექტორს, რა აღელვებს კობახიძეს, ივანიშვილსა და მის დაჯგუფებას, ამ კითხვებზე პასუხი გვითხრა კობახიძემ. მათ აწუხებთ ის, რომ კორუფციულ ფაქტებს როდესაც ავლენს სამოქალაქო სექტორი, მათთვის მიუღებელია. უნდათ, რომ ქვეყანა ძარცვონ, ეს ძარცვის უფლება შეინარჩუნონ და ახლა არასამთავრობო ორგანიზაციები უნდათ, რომ აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად. ისინი ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიუკერძოებლები კი არ უნდა იყვნენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდათ რომ დააფინანსონ, რათა ისინი აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობენ. მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი „ქართულმა ოცნებამ“ 28 მაისს მესამე მოსმენით მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციების დიდმა ნაწილმა უარი თქვა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრირებაზე.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend