რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის 930-ე დღე და უკრაინელთა მასირებული საჰაერო შეტევა მოსკოვის ოლქზე. 10 სექტემბრის დილა რუსეთის დედაქალაქისა და ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლებისთვის რთული აღმოჩნდა. დაბომბილი, ნაწილობრივ დამწვარი და დანგრეულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები. ვრცელდება ცნობა 1 დაღუპულისა და რამდენიმე დაშავებულის შესახებ. განგაში გამოცხადდა მოსკოვის ოლქში, ჟუკოვსკის რაიონში მდებარე აეროპორტში, რომლის სიახლოვესაც დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა. განსაკუთრებით მაღალი საფრთხის გამო მგზავრთა მიღება დროებით შეაჩერეს ვნუკოვოს, შერემეტიევოსა და დომოდედოვოს აეროპორტებმაც.
ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის დედაქალაქზე დრონებით ერთ-ერთ ყველაზე მასირებულ იერიშს ოფიციალურად უკრაინის ხელისუფლება არ გამოხმაურებია. რუსული სამთავრობო უწყებები კი 10 სექტემბრის სტატისტიკას აქვეყნებენ და სხვადასხვა ოლქში 144 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურებაზე აცხადებენ, მათგან ყველაზე მეტი ბრიანსკისა და მოსკოვის ოლქებში განადგურდა.
პარალელურად კიევი რუსულ შეტევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიას 2 რაკეტითა და 46 დრონით შეუტიეს. საჰაერო იერიშების გამო ქვეყნის 13, მათ შორის, კიევის ოლქში ღამის განმავლობაში განგაშის ხმა ისმოდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი ჩამოაგდეს, ნაწილმა კი დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია და ჩამოვარდა.
რუსეთ-უკრაინის ომში, ფრონტზე ორივე ქვეყნისთვის მზარდი ესკალაციისა, ტერიტორიული და სამხედრო დანაკარგების ფონზე დროდადრო ჩნდება წინადადებები სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. თუმცა ნაბიჯის გადადგმის მზაობას ომის არც ერთი მხარე არ იჩენს. კიევის პოზიცია უცვლელია. მათი მიზანი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილად ქცეული მოსახლეობის შინ დაბრუნებაა. ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით უცვლელია მოსკოვის რიტორიკაც. კრემლში უკრაინის მიზნებს არასერიოზულად აღიქვამენ, კიევს „ტერორიზმის შემოქმედს“, ხოლო დასავლეთს „ტერორიზმის სპონსორს“ უწოდებენ. მოლაპარაკებებში მედიატორის როლის შესრულების მზაობას გამოთქვამენ ევროპელი ლიდერები. მათი შეფასებით, მოსაწვევია სამშვიდობო კონფერენცია, რომელთა მონაწილე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები იქნებიან.
„სერიოზულად არასდროს აღგვიქვამს ზელენსკის კონფლიქტის მოგვარების ფორმულა და მხოლოდ გვიკვირდა, რომ ჯერ კიდევ არიან პირები, ვინც ამას იჯერებს. რა თქმა უნდა, ეს დასავლეთის ზეწოლით ხდება. არსებობს ინიციატივები, მაგალითად, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ მოლაპარაკებების დროა. საუბარი არაა იმაზე, სად შევხვდებით ან ვისი თანხლებით, არამედ იმაზე, თუ რა უნდა განვიხილოთ. თუ ჩვენ განვიხილავთ საუბრებს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ვიფიქრებთ ტერიტორიულ გაცვლაზე, ეს არაა სერიოზული, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი: პრობლემა არა ტერიტორიებში, არამედ იმ ადამიანების უფლებებშია, ვინც ფეხქვეშ გათელეს და ვისზეც პოლიტიკური წრის არც ერთი წარმომადგენელი არ საუბრობს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ტერორისტულ დაჯგუფებებთან კიევის რეჟიმი დიდი ხანია მჭიდროდაა დაკავშირებული: ტერორისტული აქტების ჩადენა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, ინფორმაციის მიმოცვლა, „სხვისი დროშის“ ტაქტიკის გამოყენება, მაგრამ პრობლემა უფრო მასშტაბურია. ახალი საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების მიღმა, ტრადიციულად, ვაშინგტონი და ლონდონი დგანან“, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თურქულ პრესასთან ინტერვიუში.
„მჯერა, ახლა ის მომენტია, როცა შეგვიძლია ომთან დაკავშირებული ვითარება განვიხილოთ. უახლოეს მომავალში ნამდვილად იქნება სამშვიდობო კონფერენცია და მეც და ვოლოდიმირ ზელენსკიც ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი უნდა ჩატარდეს რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
ფართომასშტაბიანი ომის მესამე წელს უკრაინა რუსულ ტერიტორიებს ყოველდღიურად უფრო მასირებულად უტევს როგორც ჰაერიდან, ისე ხმელეთიდან. კურსკის ოპერაცია, რომელიც ერთ თვეზე მეტია უკრაინელთა წინსვლით გრძელდება, კრემლისთვის საგანგაშო აღმოჩნდა იმ თვალსაზრისითაც, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ჯარი პირველად შეიჭრა. კრემლის განცხადებებისა და სამხედრო ქმედებების დაანონსების მიუხედავად ჯერჯერობით რუსული ოლქებიდან უკრაინელთა უკუგდება ვერ ხერხდება. არც ახალი და არც პირველია დრონებით შეტევა მოსკოვზე, სადაც იერიშები ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა. სამხედრო მიზნების მისაღწევად და აგრესორისგან თავდასაცავად უკრაინა დასავლელ პარტნიორებს ისევ მოუწოდებს განცხადებებს დროული, პრაქტიკული და ქმედითი ნაბიჯები მოაყოლონ.