მთავარისაქართველოევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტმა საქართველოს პარლამენტის წევრებს თხოვნით მიმართა, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით უკვე მიღებული „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან. მან დღეს, 10 სექტემბერს, ორგვერდიანი ოფიციალური წერილით მიმართა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ამის შესახებ ინფორმაციას კი, ევროპის საბჭო ავრცელებს.

ო’ფლაერტი მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, ჩაერთონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში, რათა დაიცვან LGBT თემის უფლებები, ასევე იბრძოლონ თემის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ.

კომისარი ხაზს უსვამს იმასაც, რომ კანონპროექტი ქმნის LGBT თემის დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. მისივე მოსაზრებით, კანონპროექტი აძლიერებს სტიგმას LGBT თემის მიმართ, მაშინ როცა სიტყვა ინცესტთან ერთად იყენებს ტერმინებს: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა.

„ქართული ოცნების“ მიერაა ინიციირებული „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა 4 სექტემბერს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.

კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას“, ასევე მაუწყებლებისა და ხელოვნების ცენზურას, ასევე შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია, მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარგად დამკვიდრებული კანონის თანახმად, დემოკრატიული საზოგადოება უარყოფს სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებულ ნებისმიერ სტიგმატიზაციას. ხოლო დემოკრატიული საზოგადოება აგებულია ინდივიდთა თანაბარ ღირსებაზე და ინარჩუნებს მრავალფეროვნებას, რომელსაც ის აღიქვამს არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც გამრავალფეროვნების წყაროს“, – წერს მაიკლ ო’ფლაერტი ოფიციალურ წერილში.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს, მისი თქმით, დისკრიმინაციულ კანონს და მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ წევრებს თავი შეიკავონ თემის მიმართ სტიგმის გამაძლიერებელი რიტორიკის გავრცელებისგან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend