ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ლი ციანს. მას ასევე დაგეგმილი აქვს, გამართოს მოლაპარაკება პრეზიდენტ სი ძინპინთან. პედრო სანჩესის ვიზიტი ჩინეთში პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების განხილვასა და განმტკიცებას ისახავს მიზნად.
ამასთან, პედრო სანჩესი დაესწრება ჩინეთ-ესპანეთის ბიზნესფორუმს, რომელიც შანხაიში გაიმართება.
ესპანეთის ლიდერი იმ დროს ჩავიდა ჩინეთში, როდესაც ევროკავშირმა პეკინს ელექტრომობილებზე დროებითი ტარიფები დაუწესა. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები უსამართლოდ სარგებლობენ სახელმწიფო სუბსიდიებით, რაც მათ საშუალებას აძლევს ხელოვნურად შეინარჩუნონ დაბალი ფასები. პეკინი იძულებული გახდა, საჩივარი შეეტანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
როგორც ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას პედრო სანჩესმა განაცხადა, ესპანეთის მთავრობას სურს, ორ ქვეყანას შორის გაგრძელდეს ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა.
ესპანეთი ევროპაში ღორის ხორცის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა. 2023 წელს ესპანეთმა ჩინეთს მიაწოდა იმპორტირებული ღორის ხორცის დაახლოებით 22%, ვაჭრობამ კი 1 მილიარდ 200,000 მილიონი ევრო შეადგინა.