მთავარისაქართველოტოქსიკური რძე - რის გამო ხდება რძე მავნებელი

ტოქსიკური რძე – რის გამო ხდება რძე მავნებელი

აფლატოქსინი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებაა. საქართველოში ეს ტოქსინი რძის ნაწარმში პირველად 2021 წელს შენიშნეს. ზუსტად არავინ იცის, რამდენი ხანია, ამ ტოქსინით დატვირთულ რძეს ვსვამთ, რადგან სათანადო შემოწმება მანამდე არ ტარდებოდა. იმის გასარკვევად საიდანაა რძეში ეს მავნე ნივთიერება, ექსპერტები ნედლი რძის ნიმუშებს იკვლევდნენ. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ აფლატოქსინები რძეში ცხოველების საკვებიდან ხვდება.

„სამწუხაროდ, საქართველოში აქამდე არ გვქონდა ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები, რომლებიც დაარეგულირებდა მათში არასასურველი ნივთიერებების შემცველობას. განსაზღვრული იყო, რომ 2024 წელს უნდა შემუშავებულიყო ეს დოკუმენტი, თუმცა, მეორე მხრივ, სკრინინგის პროგრამით გამოიკვეთა, რომ რძის ნაწარმში მომატებული იყო აფლატოქსინის რაოდენობა“, – ამბობს მაია ბერუაშვილი, სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის სურსათის უვნებლობის სამმართველოს უფროსი.

რძის ლაბორატორიული კვლევის შედეგად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება შემოწმებული ნიმუშების 15 პროცენტში გამოავლინა. მათივე განმარტებით, ეს ნივთიერება რძეში ცხოველის საკვებიდან ხვდება. აფლატოქსინის შემცველობა 2022 წელს ნედლი რძის 9 ნიმუშში, ხოლო 20023 წელს 14 შემთხვევაში გამოვლინდა – ეს ინფორმაცია ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსმა თეა ოშხერელმა გაავრცელა ივნისის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ამ ნივთიერების სახიფათო ზემოქმედებაზეც ისაუბრა.

„ეს ნივთიერება არის ძალიან მავნე, იგი წარმოადგენს ობის სოკოების სინთეზირების შედეგად მიღებულ ტოქსინს, რომელიც ძალიან ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ეს არის კანცეროგენური მოქმედება, მუტაგენური მოქმედება, ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს უნარი, იმუნური სისტემის მოქმედება შეაფერხოს, ასევე მოქმედებს თირკმელებზე, ღვიძლზე ტოქსიკური მოქმედებაც ახასიათებს“, – განაცხადა ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა.

ცხოველის საკვების უსაფრთხოების საკითხებს არეგულირებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება DCFTA, რომლითაც საქართველომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში ნორმატიული აქტების მიღების ვალდებულება აიღო. ამ ვალდებულებებს შორისაა ცხოველის საკვებში არასასურველი ნივთიერებების შესახებ რეგლამენტი. ეს დოკუმენტი ადგენს იმ ტოქსიკური ნივთიერების ზღვრებს, რომლებიც ადამიანისა და ცხოველისთვის უსაფრთხოა. 59-ე დადგენილების ის მუხლი, რომელიც აფლატოქსინის დასაშვებ ზღვარსაც განსაზღვრავს და რომლის ამოქმედებაც 2028-30 წლებში იგეგმებოდა, ივლისის დასაწყისში ძალაში დაჩქარებული წესით შევიდა.

„გამოდიოდა, რომ რძეში ვიკვლევდით, მაგრამ არ ვიკვლევდით ცხოველის საკვებში, ამიტომ, დადგა დღის წესრიგში, რომ ძირი მიზეზი გაგვეგო, საიდანაც მოდიოდა, მარცვლეულშიც მომხდარიყო მიკოტოქსინების კვლევა.

საიდან ხვდება რძეში აფლატოქსინი? ის რეალურად ხვდება ცხოველის საკვებიდან, ცხოველის საკვებში საიდან ხვდება? ხვდება მარცვლეულიდან, რომელიც მინდორში იზრდება, თუ დარღვეულია კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, რაც გულისხმობს აღებისა და შენახვის დროს გარკვეული სანიტარული პირობების დაცვას. ამ შემთხვევაში ბუნებრივად არსებული ობის სოკო იწყებს გამრავლებას. მისი გამრავლების შედეგად წარმოიქმნება უკვე ეს ტოქსინი, მარტივად რომ ვთქვათ, სიმსივნეების წარმოშობას უწყობს ხელს, ერთჯერადი მიღების დოზით არ ხდება, მაგრამ როდესაც ხანგრძლივად იღებ ასეთ საკვებს, ხდება მისი დალექვა ორგანიზმში და შემდეგ შეიძლება ამან უჯრედის დონეზე ცვლილებები გამოიწვიოს“, – ამბობს ევრონიუსთან ინტერვიუში მაია ბერუაშვილი, სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის სურსათის უვნებლობის სამმართველოს უფროსი.

„აფლატოქსინი გახლავთ სოკოს ასპერგიკუს ფლავუს და ასპერგიკუს პარაზიტიკუსის მიერ პროდუცირებული ტოქსინი, რომელიც იწვევს ჰეპატოცელულარულ კარცინომას, ანუ აზიანებს ღვიძლს. განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც ინფიცირებულები არიან ბე და ცე ჰეპატიტის გამომწვევით. საქართველო გამოირჩევა განსაკუთრებით ცე ჰეპატიტის ინფექციის მაღალი დონით, ჩვენ გვქონდა ელიმინაციის პროგრამა. ვფიქრობ, რომ ის პირები, ვისაც B და C ჰეპატიტის დიაგნოზი აქვთ დასმული, ან, თუნდაც, ნამკურნალები პირები უნდა შემოწმდნენ აფლატოქსინის დაქვემდებარებაზე”, – განმარტავს ნინო დიდბარიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და მიკრობიოლოგ-იმუნოლოგი. მისივე თქმით, მარცვლოვნები, ისეთები როგორებიცაა: ხორბალი, სიმინდი, ბრინჯი, არაქისი და სხვა, შესაძლოა შეიცავდეს აფლატოქსინებს. სოკოს გამრავლებისთვის დამატებით ხელშემწყობ ფაქტორად სიცხე და გვალვა ითვლება. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ნედლი პროდუქტის თერმულად დამუშავება აფლატოქსინს ვერ ანადგურებს.

ეს გახლავთ ტოქსინი, რომელიც კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას. 170 გრადუსიც კი არ არის მისთვის დამაზიანებელი. აქედან გამომდინარე, თუ საკვები პროდუქტი ამაზე დაბალ ტემპერატურაზე არ არის დამუშავებული, შესაძლებელია ადამიანმა მაინც მიიღოს ტოქსინის დოზა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები. თუმცა, არსებობს გამანეიტრალებელი საშუალებები, რომლებიც ანეიტრალებენ ტოქსინებს პროდუქტში მანამ, სანამ ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდება”, – ამბობს დიდბარიძე.

ყოველთვიურად 4500-მდე ტონა ცხოველისა და ფრინველის საკვებს აწარმოებებს კომპანია „ინვეტ ფიდი“. ტოქსინების გამანეიტრალებელ საშუალებას ის ავსტრიელი პარტნიორებისგან ყიდულობს. საწარმოში, რომელიც მცხეთაში მდებარეობს, ცხოველების საკვებში ტოქსინების გამანეიტრალებელ ფხვნილს სისტემატურად ურევენ.

„ეს არის მთავარი ინგრედიენტი, რომელიც საკვებს ცხოველს თუ ფრინველს, იცავს ტოქსინებისგან. ეს არის ბუნებრივი პროდუქტი 90 პროცენტით. ბუნებრივი ბენტონიტის და ცეოლითის ნაზავი, რომელიც ურთიერთქმედებაში მოდის ბიოტექნოლოგიური ინჟინერიის გზით შექმნილ საფუართან. როდესაც ცხოველის ორგანიზმში ხვდება, იწყებს აქტივაციას, ყველა ტოქსინს, რასაც პოულობს, აქცევს ერთგვარ კაფსულაში და უკვე ტოქსინის შეწოვა აღარ შეუძლია ორგანიზმს, ამიტომ ტრანზიტით გამოიყოფა გარეთ, კაფსულით და სრულიად უსაფრთხო ხდება. ევროპაში დღესდღეობით დიდი ყურადღება ექცევა ტოქსინების კონტროლს, კერძოდ, აფლატოქსინების ჯგუფს, რომელიც დიდ რისკს წარმოადგენს როგორც ადამიანის, ასევე ცხოველისთვის, ამიტომ ევროსტანდარტებით რეგულირდება მისი მოხმარება, შემადგენლობა და საკვებში დოზირება“, – ამბობს კვების ტექნოლოგი ირაკლი ხუციშვილი.

ერთი კილოგრამი ტონაზე ის პროპორციაა, რომელიც ამ კონკრეტული დანამატის შემთხვევაში ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციით გამოიყენება, თუმცა ტოქსინების გამანეიტრალებელი დანამატების გამოყენება ქართულ წარმოებაში ჯერჯერობით ფართოდ დანერგილი არ არის. ამიტომ რისკი, რომ სახიფათო ტოქსინი ჯერ ცხოველის, შემდეგ კი ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, ჯერ კიდევ რჩება.

როგორც მაია ბერუაშვილი, სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის სურსათის უვნებლობის სამმართველოს უფროსი, ამბობს: „საშიშროება მაინც ყოველთვის არსებობს, რომ ბიზნესოპერატორმა რაღაცები დაარღვიოს. მეორე მხრივ, არსებობს კონტროლის მექანიზმი. ჩვენ რისკზე დაფუძნებული კონტროლი გვაქვს, სადაც მეტი საშიშროებაა, იმ ნაწილს ვაქცევთ მეტ ყურადღებას, თუმცა ერთი პრობლემაა ის, რომ დადგენილება შემუშავდეს და მივიდეს იმ ადამიანებამდე, იმ სამიზნე სექტორამდე, ვისაც ეს ეხება და მეორე პრობლემაა მისი რეალობაში, პრაქტიკაში დანერგვა. ამისათვის საჭიროა, რომ ლაბორატორია მზად იყოს, აკრედიტაცია ჰქონდეს, რეაგენტები ჰქონდეს შეძენილი, ტრენინგები გავლილი, ანუ აბსოლუტურად მომზადებული იყოს, რომ ნიმუშები შევიდეს მათთან და გამოიკვლიოს. მეორე მხრივ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უნდა დატრენინგდნენ ნიმუშის აღებაზე, რომ სწორად მოხდეს მისი აღება-გადაგზავნა. მნიშვნელოვანია ასევე, რომ რისკის საფუძველზე სწორად შეირჩეს ის ბიზნესოპერატორები, რომლებსაც უფრო მეტი შანსი აქვთ დარღვევის”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend