საშუალო სკოლები ახალ სასწავლო წელს საქართველოში 16 სექტემბერს იწყებენ. თუმცა მათი ნაწილი ჯერ კვლავ არ არის მზად მოსწავლეების მისაღებად. „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში საჯარო სკოლების 59% სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას საჭიროებს, სკოლების 9%-ში რემონტი და მშენებლობაა დაგეგმილი, ხოლო 4%-ში ამჟამად მიმდინარეობს მშენებლობა. რეაბილიტირებული ან გარემონტებული სკოლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონებშია. მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში სკოლების მხოლოდ 11 პროცენტია გარემონტებული. მაგალითად, ხაშურის რაიონის სოფელ ვაყაში მდებარე სკოლა, უკვე ორი წელია დაკეტილია და მოსწავლეებს სოფელ გომის სკოლაში უწევთ სიარული. მშობლების პროტესტის შემდეგ განათლების სამინისტრო მათ ახალი სკოლის აშენებას დაჰპირდა, თუმცა ამჟამად, სოფელ ვაყაში სკოლა კვლავ უფუნქციოა.
სწორედ ამ სირთულეებზე საუბრობს ერთ-ერთი მოსწავლის დედა იამზე გელაშვილი.
„ჩვენ აქციები მოვაწყვეთ და მშობლებთან შეხვედრის შემდეგ გვითხრეს, რომ სკოლის რეაბილიტაციას დასჭირდებოდა 3 მილიონი ლარი, ახალი შენობის აშენებას კი 6 მილიონი. რეაბილიტაცია კი შედარებით მოკლე დროში მოხდებოდა. ჩვენთვის სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი. ახალი შენობის აშენების პროცესი კი დროში გაიწელება… მოსწავლეები მეორე ცვლაში არიან და ორ საათზე იწყებენ სწავლას. მათ მხოლოდ 30-წუთიანი გაკვეთილები უტარდებათ, რაც მოგეხსენებათ გარკვეულ პრობლემებს ქმნის. სწავლების პროცესი სათანადო დონეზე ვერ მიმდინარეობს. ადრე ტრანსპორტირების პრობლემაც გვქონდა. პირველკლასელები უფროსკლასელებზე უფრო ადრე ამთავრებდნენ გაკვეთილებს. შემდეგ კი მათ ელოდებოდნენ და საღამოს შვიდ საათზე ბრუნდებოდნენ სახლში. საბედნიეროდ ეს პრობლემა მოგვარდა. ამ შემთხვევაში სკოლის დირექტორმა იაქტიურა და დამატებითი ტრანსპორტი დანიშნა. ასევე ვერ ვახერხებთ წრეებზე სიარულს, რადგან 2 საათზე იწყება სწავლა და მთავრდება საღამოს საათებში”.
ვაყის საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა მაჭარაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ახალი სკოლის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. ამის შემდეგ კი მშენებლობა დაიწყება. მისი თქმით, ახალი სკოლა 260 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
„ახლა ტენდერი გამოცხადდება პროექტზე და როგორც კი პროექტი მზად იქნება, დაიწყება სკოლის მშენებლობა. ძველი სკოლის დემონტაჟს არ დაელოდებიან, მშენებლობა სხვა ტერიტორიაზე დაიწყება. სანამ ეს საკითხი გადაწყდებოდა, მშობლები საპროტესტო აქციებს აწყობდნენ, გზის გადაკეტვასაც აპირებდნენ. თუმცა მაშინვე შეგვპირდნენ, რომ ისე მოიქცეოდნენ, როგორც მოსახლეობას აწყობდა. მე ვფიქრობ, რომ პროექტის ტენდერსა და სკოლის მშენებლობას მაქსიმუმ ორი წელი დასჭირდება“.
ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ ახალი კვლევის მიხედვით, სკოლების საერთო რაოდენობაში რეაბილიტირებული ან გარემონტებული სკოლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში 51%-ია, ყველაზე დაბალი კი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაშია, რაც ორივე შემთხვევაში 11%-ს შეადგენს.
„მნიშვნელოვანი დისპროპორციაა, უფრო მეტად თბილისსა და ქალაქებზე ორიენტირებულია ამ სკოლების რემონტი და რეაბილიტაცია, ხოლო სასოფლო და მთიანი დასახლებები შედარებით უყურადღებოა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სამინისტროს ამ სკოლების რეფორმის ხედვა არ აქვს. ამ კვლევაში გამოიკვეთა ის, რომ მნიშვნელოვნად ვადდება სკოლების რემონტი და თუ ვთქვათ დაგეგმილია ორ წლის განმავლობაში, ეს ხანგრძლივობა იზრდება. დღევანდელ დღეს მხოლოდ 4%-ია სკოლების, რომლებიც რეაბილიტაციის ქვეშ ექცევა. თუ ავიღებთ განათლების დონის ეროვნულ ან საერთაშორისო შეფასებებს, სადაც საქართველო მონაწილეობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქის სკოლებს არც თუ ისე ცუდი შედეგები აქვთ, მაგრამ მკვეთრად უარყოფითი შედეგები გვაქვს სასოფლო და მაღალმთიან, თუ ეთნიკური უმცირესობების სკოლებში. ეს გამოწვეულია იმით, რომ იმ გარემოში რესურსებზე წვდომა არის დაბალი. სკოლების ინფრასტრუქტურის გამართვის დაპირება აქტუალურია ყოველი არჩევნების წინ და ეს ვადა გადაიწევს ხოლმე“, – ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე.
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის“ კვლევაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს 1450 სკოლის 64%-ში არ არის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. იმ სკოლებში კი, სადაც ლაბორატორიები არ არის, ან ვირტუალური საბუნებისმეტყველო ლაბორატორია ან უკვე მოძველებული ლაბორატორიები გამოიყენება.