მთავარიევროპაავსტრიამეცნიერები მყინვარების საგანგაშო დნობაზე საუბრობენ

მეცნიერები მყინვარების საგანგაშო დნობაზე საუბრობენ

ავსტრიაში მყინვარები დნება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი შესაძლოა რამდენიმე წელში უბრალოდ გაქრეს. მკვლევრები, რომლებიც ქალაქ ზალცბურგში საგანგებოდ შეიკრიბნენ, ამბობენ, რომ მყინვარების დიდი ნაწილი ყოველწლიურად კარგავენ მასას, რაც უკვე ყველასთვის შესამჩნევია. ექსპერტების შეფასებით, კლიმატის ცვლილება ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, თუმცა დარგის სპეციალისტები სხვა მიზეზებზეც საუბრობენ.

„თუ მომდევნო პერიოდშიც ისეთი რადიაციის დონე გვექნება, როგორიც დღეს არის, მყინვარმა 8 ან 9 საათში შესაძლოა 10 სანტიმეტრიც კი დაკარგოს“, – ამბობს მეცნიერი ბერნჰარდ ზაგელი.

მეცნიერები ამბობენ, რომ გასულ ზამთარში თოვლის საფარმა მყინვარების სათანადოდ დაცვა ვერ შეძლო. კვლევების თანახმად, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ავსტრიაში მყინვარებმა მასის ნახევარი დაკარგეს. იქ, სადაც წლების წინ ათი მეტრის სისქის ყინული იყო, ახლა შიშველი კლდეებია დარჩენილი. მკვლევრები ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა ავსტრიის მყინვარები სრულად გაქრეს.

„ვვარაუდობ, რომ ათი წლის განმავლობაში თქვენ ვეღარ შეძლებთ მყინვარის ნახვას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მყინვარის გეომეტრია, რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. ჩვენ დაახლოებით 10-15 წლის შემდეგ შესაძლოა ვეღარც დავინახოთ ის მყინვარები, რომელთა სიმაღლეც ახლა 3 000 მეტრს აღწევს“, – ამბობს გლაციოლოგი ბერნჰარდ ზაგელი.

მეცნიერების კვლევებითა და შეფასებით, მყინვარების დნობა მსოფლიოში მილიონობით ადამიანს უქმნის საფრთხეს. ეს წყალდიდობების თუ ღვარცოფების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზი გარემოს სათბურის აირებით დაბინძურებაა. მკვლევრების შეფასებით, თუ კაცობრიობა სასწრაფოდ არ მიიღებს ზომებს, რამდენიმე ათეულ წელიწადში მთის მყინვარების უმრავლესობა, შესაძლოა, უბრალოდ გაქრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend