ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „აპრილმა“ ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. 1990-იანი წლების შემდეგ „აპრილი“ პირველი ქართული ფილმია, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე იყო წარდგენილი.
„დიდი მადლობა ვენეციის კინოფესტივალსა და ალბერტო ბერბერას ასეთი შესანიშნავი და თბილი მიღებისთვის. დიდი მადლობა ამ პრიზისთვის. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“ – თქვა დეა კულუმბეგაშვილმა ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას.
ფილმი „აპრილი“ გვიამბობს მეანგინეკოლოგ ქალ ნინაზე, რომელიც თანასოფლელ ქალებს არალეგალურად უკეთებს აბორტს. ვენეციაში „აპრილის“ პრემიერაზე რეჟისორთან ერთად იმყოფებოდნენ მთავარი როლის შემსრულებლები: ია სუხიტაშვილი, მერაბ ნინიძე და კახა კინწურაშვილი. ფილმის რეჟისორს „აპრილის“ იდეა წინა ფილმზე მუშაობისას გაუჩნდა, როდესაც მსახიობების შესარჩევად რეგიონებში იმოგზაურა, სოფლებში ადგილობრივ ქალებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
„აქ ყოფნა შესანიშნავი გამოცდილებაა. ჩემი ფილმი საკმაოდ რთული და ვიტყოდი, კონფრონტაციულიცაა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ აქ ფილმის ჩვენებას დავესწარი და მაყურებლის რეაქცია ვიხილე. მთელი გუნდისთვის, რომელმაც ამ ფილმს თავი მიუძღვნა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აქ, ჩვენებაზე არ იყო, ეს პრიზი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მათი ნამუშევარი შეუმჩნეველი არ დარჩა“, – თქვა რეჟისორმა.
დაჯილდოების ცერემონიაზე მთავარი პრიზი „ოქროს ლომი“ მიიღო პედრო ალმოდოვარის ფილმმა „ოთახი მეზობლად”. ეს ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი ფილმია. მასში მთავარ როლებს ჯულიანა მური და ტილდა სუინტონი ასრულებენ. ფესტივალზე პრემიერის დასრულებას 20-წუთიანი აპლოდისმენტები და ოვაციები მოჰყვა.
„მინდა ეს გამარჯვება მივუძღვნა ჩემი ოჯახის წევრებს. აქ არიან ჩემი ძმა და ფილმის პროდიუსერი ავგუსტინი, ჩემი ასისტენტი ლოლა გარსია, ასევე ფერნანდო იგლესიას მასი. ისინი არა მხოლოდ დღეს, ამ შესანიშნავ საღამოს, არიან ჩემ გვერდით, არამედ მთელი წლის განმავლობაში მიდგანან გვერდით“,- თქვა პეტრო ალმოდოვარმა სიტყვით გამოსვლისას.
ვენეციის 81- ფესტივალზე, ფილმში Babygirl ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნიკოლ კიდმანი დაჯილდოვდა. თუმცა ის ცერემონიას დედის გარდაცვალების გამო ვერ დაესწრო. კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი მთავარი პრიზი გადაეცა ვინსენტ ლინდონს ფილმისთვის „ჩუმი შვილი“.
იტალიელი რეჟისორის მაურა დელპეროს ფილმმა, სახელწოდებით „ვერმილიო“, „ვერცხლის ლომი“ მოიპოვა. იტალიურ-ფრანგულ-ბელგიური დრამა მეორე მსოფლიო ომის პერიოდსა და ერთ-ერთი ლტოლვილი ჯარისკაცის ამბავს მოგვითხრობს.