ვენეციის კინოფესტივალზე რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმის „აპრილის” პრემიერა გაიმართა. ქართველი რეჟისორის ფილმი კინოფესტივალზე „ოქროს ლომისთვის“ იბრძოლებს. ვენეციაში „აპრილის“ პრემიერაზე რეჟისორთან ერთად მთავარი როლის შემსრულებლები ია სუხიტაშვილი, მერაბ ნინიძე და კახა კინწურაშვილი იმყოფებოდნენ.
ფილმი გვიამბობს მეან ქალ ნინაზე, რომელიც თანასოფლელებს ჩუმად აბორტს უკეთებს. ფილმის რეჟისორის თქმით, „აპრილის“ იდეა წინა ფილმზე მუშაობისას გაუჩნდა, როდესაც კასტინგის მიზნით რეგიონებში იმოგზაურა, სოფლებში ადგილობრივ ქალებს შეხვდა და მათი პრობლემები გაიცნო.
„ძირითადად, ამ ქალებმა არ იციან, რომ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ. ისინი იზრდებიან, 15 წლის ხდებიან, შემდეგ ქორწინდებიან და იმდენჯერ მშობიარობენ, რამდენჯერაც დაორსულდებიან. ისინი ქმრებს უარს ვერ ეუბნებიან. შემდეგ კი იმავე წრეზე მიდიან“, – ამბობს დეა კულუმბეგაშვილი.
ფილმში მთავარ როლს ასრულებს ია სუხიტაშვილი, რომელიც როგორც ფილმის რეჟისორი ამბობს, სცენარის დაწერის პროცესშიც მნიშვნელოვნად იყო ჩართული.
„ფილმის იდეა მქონდა, თუმცა არ მინდოდა, რომ უბრალოდ დამეწერა, შემდეგ იასთვის მიმეცა და მას ეს როლი უბრალოდ შეესრულებინა. მინდოდა, რომ მას ეს პერსონაჟი განესახიერებინა. ამისთვის კი, ამ პროცესში მე მასთან ნამდვილი კოლაბორაცია მჭირდებოდა“, – ამბობს ფილმის რეჟისორი.
მიხეილ ჭიაურელის, ლანა ღოღობერიძისა და ოთარ იოსელიანის შემდეგ დეა კულუმბეგაშვილი მეოთხე ქართველი რეჟისორია, რომელიც ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს.
ფილმი „აპრილი” ვენეციის კინოფესტივალის შემდეგ ტორონტოს კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.