უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე დიდი ცვლილება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ანდრიი სიბიჰა, 49 წლის ყოფილი დიპლომატი და პრეზიდენტ ზელენსკის ყოფილი მრჩეველი, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ეს ცვლილებები მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში პრეზიდენტის კაბინეტის დიდმა ნაწილმა თანამდებობა დატოვა გადადგომებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ. რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, პრეზიდენტის კიდევ ერთი მთავარი მრჩეველი ოლექსი კულება დაინიშნა ვიცე-პრემიერად რეკონსტრუქციის, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში. იმავდროულად, 32 წლის ჰერმან სმეტანინი დაინიშნა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად, რომელიც პასუხისმგებელია შიდა იარაღის წარმოებაზე. ეს საკვანძო თანამდებობაა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის ძალები ინტენსიური რუსული თავდასხმის წინაშე დგანან აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში, ამასთან, აგრძელებენ ოპერაციას რუსეთის კურსკის სასაზღვრო პროვინციაში.
თავად ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საჭიროა ახალი ენერგია. თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ბევრი არ არის ეს ახალი ენერგია და დასახელებული პირები საზოგადოებისთვის კარგად არიან ცნობილნი. ბევრი მათგანი პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ზოგიც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
„საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის გარეშე მეტის გაკეთება შეუძლებელია”, – აცხადებს ევჰენია კრავჩუკი.
უკრაინის პარლამენტის დეპუტატის, პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ევჰენია კრავჩუკის თქმით, უკრაინაში მინისტრთა კაბინეტი ერთადერთი სამთავრობო ორგანოა, რომლის გადანაცვლება ომისა და საომარი მდგომარეობის დროს შეიძლება. მისი თქმით, ისინი ვერ ჩაატარებენ ვერც საპარლამენტო, ვერც საპრეზიდენტო არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, სჭირდებათ ახალი ენერგია, ახალი ადამიანები და ახალი მიდგომები მთავრობისგან.
2023 წლის ოქტომბერში უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები უნდა გამართულიყო, ხოლო 2024 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგად ეს სამართლებრივად აკრძალული, ხოლო პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
ევჰენია კრავჩუკი ამბობს, რომ ისინი ასევე მოელიან ახალი სამინისტროების ფორმირებას. როგორც ის ამბობს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ბევრი მათი თანამემამულე საზღვარგარეთაა წასული და საჭიროა, მათთან ჰქონდეთ უკეთესი კომუნიკაცია, რადგან ამას მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ შეძლებს.
გასული წლის ბოლოსთვის თითქმის 5 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა სამშობლო სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შედეგად და მათი ნახევარი შესაძლოა ადგილზე დარჩეს და აღარ დაბრუნდეს უკრაინაში.