2024 წლის ზაფხული იყო დედამიწაზე ყველაზე – ასეთია ევროპის კლიმატის სააგენტოს, „კოპერნიკის“, დასკვნა.
ეს კი შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ზოგადად 2024 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება კაცობრიობის ისტორიაში.
„კოპერნიკის“ გამოთვლებით, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს საშუალო ტემპერატურამ 16.8 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც 0.03 გრადუსით მეტია 2023 წლის ზაფხულში დაფიქსირებულ საშუალო ტემპერატურაზე. აგრეთვე, მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ტემპერატურის გასაზომად ერთიანი სტანდარტი დაადგინა, ითვლება, რომ ბოლო ათი წელი ყველაზე ცხელი იყო.
კლიმატის სააგენტო თვეების მიხედვით დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ტემპერატურის შესახებ. 2024 და 2023 წლის აგვისტოს საშუალო ტემპერატურები თანაბარია და 16.82 გრადუსს აღწევს. 2024 წლის ივლისში დაფიქსირებული საშუალო ტემპერატურა მცირედით ჩამორჩება 2023 წლის მონაცემს, თუმცა ივნისის თვე გასული წლისაზე ბევრად უფრო ცხელი იყო, რამაც მთლიანობაში ეს ზაფხული უფრო ცხელი გახადა.
„ჩვენ დავიწყეთ დაკვირვება ყველაზე თბილი ადგილიდან. აღმოჩნდა, რომ იანვარი ყველაზე თბილი თვეა, აგრეთვე, თებერვალიც და ა.შ. ამრიგად, გარკვეული გაგებით ჩვენს სისტემაში სითბური ენერგიაა დაგროვებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინაც კი, როცა ივლისის თვე დადგა, ის უკვე აღარ იყო ყველაზე ცხელი თვე, არადა ზაფხულის შუა პერიოდი იყო“, – ამბობს „კოპერნიკის“ დირექტორი კარლო ბუანტემპო.
ცენტრის განცხადებით, ამ ეტაპზე წყნარი ოკეანის აუზში „ლა-ნინია” ფიქსირდება. „ლა-ნინია” კლიმატური ფენომენია, რომელსაც უჩვეულოდ ცივი ტემპერატურა ახლავს. შესაბამისად, წლის ბოლო ოთხი თვე ისეთი ცხელი აღარ უნდა იყოს. თუმცა ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ მთლიანობაში 2024 წელი 2023 წელზე ცხელი იქნება.
კარლო ბუანტემპო თვლის, რომ კლიმატის ცვლილების საკვანძო მიზეზი ადამიანის მიერ ნახშირის, საწვავის, გაზისა და სხვა ნივთიერებების წვაა, რაც გრძელვადიანად დედამიწაზე სითბოს დაგროვებასა და ტემპერატურის ცვლილებას იწვევს.