„სამეფო კარის თამაშების“ გულშემატკივრებს შეეძლებათ, რომ საყვარელ სერიალში გამოყენებული კოსტიუმები, რეკვიზიტები, დეკორაციები და სხვადასხვა ნივთი აუქციონზე შეიძინონ. მათ შორის შეიძლება იყოს: რკინის ტახტი, ღამის მოხეტიალეების კოსტიუმი, ჯეიმი ლანისტერის ხმალი და ა.შ. 2000-ზე მეტი ნივთი კომპანია HBO-ს აუქციონზე გაიყიდება. ნივთების საწყისი ფასები კი 500-დან 20 000 დოლარამდე იქნება.
HBO-ს ერთ-ერთი წარმომადგენელი ჯეი როუ ამბობს, რომ ეს არის გულშემატკივრების შანსი, რომ ისტორიის ნაწილის მფლობელები გახდნენ.
„სწორედ ამ აუქციონისთვის ვაგროვებდით ნივთებს 2011 წლიდან. ყველა ნივთი ისეთი ხარისხით არის შენახული, როგორც გადაღებების დასრულების დროს იყო. ამ კოსტიუმებისა და რეკვიზიტების შესანახად უამრავი ადამიანი გვყავდა დაქირავებული. ვფიქრობდით, რომ „დრაკონის სახლში“ შეგვეძლო ამ ნივთების გამოყენება, თუმცა ამ სერიალისთვის უკვე აღარ გვჭირდება და საბოლოოდ გვინდა, გავახაროთ „სამეფო კარის თამაშების“ ერთგული გულშემატკივრები“ – ამბობს ჯეი როუ, HBO-ს წარმომადგენელი.
2011 წლიდან სერიალის ყველა რეკვიზიტი შენახულია და აუქციონზე ფანებს შეეძლებათ ისეთი ნივთების ხილვა, რომლებიც შეიძლება სულ რამდენჯერმე გამოჩნდა ეკრანებზე.
„ჩვენ განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს. აუქციონებზე უმეტესად რამდენიმე ნივთი გამოდის, ახლა კი „სამეფო კარის თამაშების“ 2000-ამდე საკულტო ნივთს ვყიდით, ყველაფერი გულდასმით არის შენახული და მოვლილი. მფლობელებს კი ეცოდინებათ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად გადაღებებზე იყო გამოყენებული“, – ამბობს ჯო მადალენა, აუქციონის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.
აუქციონი 10-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება დალასის შტატში, ხოლო 17 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე წინასწარი გამოფენები ხელმისაწვდომი იქნება ნიუ-იორკსა და ლონდონში, სადაც გულშემატკივრებს ნივთების დათვალიერება შეეძლებათ.