„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ შეშფოთებას იწვევს ევროკავშირში. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრიდან მალევე გავრცელდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის განცხადება.
პიტერ სტანო აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, კიდევ ერთი ანტიდემოკრატიული კანონის მიღება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას უფრო დაძაბავს.
„ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას. ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებსა და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის.
ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა მიიღეს სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე.
ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს. ასეთი პროექტი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.
ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს”, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის განცხადებაში.