რუსული საოკუპაციო ძალები განაგრძობენ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე სარაკეტო იერიშების მიტანას. 3 სექტემბერს ქალაქ პოლტავაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-ს გადასცდა, დაიჭრა 200-ზე მეტი მოქალაქე. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დამნაშავეები პასუხის აგებენ მომხდარზე. მან ამავდროულად საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინას მაქსიმალურად სწრაფად გადასცენ, რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემა. რუსეთში კურსკის რეგიონში კი უკრაინელთა შეტევა ამ დრომდე გრძელდება.
უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, გუშინ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ პოლტავაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-ს გადასცდა. ბალისტიკური რაკეტები სამხედრო სასწავლო დაწესებულებას, ახლო მდებარე საავადმყოფოსა და საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა. ერთ-ერთი მოქალაქე ანასტასია არტიუხი ამბობს, რომ ისინი ამ დროს სახლში იყვნენ. მისი თქმით, საბედნიეროდ ისინი გადარჩნენ, თუმცა მათთან ახლოს ერთი კორპუსია, სადაც აფეთქების შედეგად ყველაფერი დაზიანდა, ყველა მინა ჩაიმსხვრა.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 200-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი ნაძირალები პასუხს აგებენ ამ თავდასხმისთვის. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, უკრაინას სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემები არა სადმე საწყობში, არამედ ბრძოლის ველზე. იგი ამბობს, რომ რუსული ტერორისგან თავის დასაცავად საჭიროა დარტყმები შორ მანძილზე ახლა და არა მოგვიანებით.