26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება. პოლიტიკური პარტიები არჩევნებისთვის ემზადებიან და უკვე ოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. კვირაზე მეტია, საარჩევნო აგიტაცია ოფიციალურად მიმდინარეობს, თუმცა საარჩევნო კამპანიის არაოფიციალური ნაწილი 27 აგვისტოს ნამდვილად არ დაწყებულა.
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა დღეს, 4 სექტემბერს, წარადგინა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც 1 ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს და რომელშიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონტექსტი, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ზოგიერთი ასპექტი, პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი, არაოფიციალური საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, მედიაგარემო და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი სხვა ძირითადი ტენდენციებია განხილული.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში ხვდება. ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები წინასაარჩევნო ღონისძიებების დაწყებისთანავე საკუთარ ამომრჩეველს ძირითადი ოპოზიციური გაერთიანებების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას დაჰპირდნენ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში. აღნიშნულია ისიც, რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების მკვეთრი წინააღმდეგობის მიუხედავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა კონსპირაციული თეორიებით ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებაც.
„განსაკუთრებით პრობლემურია მმართველი პარტიის რიტორიკა ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, თუკი ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ. ასევე პრობლემურია რუსული კანონის საბოლოოდ მიღება და ის, თუ როგორ იქნება ეს კანონი გამოყენებული საარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა თუ ზოგადად სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაც საარჩევნო პერიოდში, რასაც უკვე სხვადასხვა მასშტაბური პროექტისა თუ ღონისძიების ინიციირების სახით ვხედავთ“, – ამბობს ნინო დოლიძე, ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი.
„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ცესკოს მიერ 2024 წლის 16 აგვისტოს მიღებულ დადგენილებაზეც, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის ვადებს ცვლის. ორგანიზაციის შეფასებით, ეს დადგენილება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ხელს უშლის კომისიის წევრთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეზე.
მონიტორინგის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო ღონისძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა საარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლის რამდენიმე ფაქტი. გამოვლინდა ამომრჩევლის მოსყიდვის 5 შემთხვევაც, რომელთაგან სამი მმართველ პარტიას, ხოლო ორი ოპოზიციურ გაერთიანებას უკავშირდებოდა.
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ საქმიანობასა და წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს მმართველი პარტია.
„ISFED-ს ყველანი ერთად იქით უნდა დავაკვირდეთ, რომ რამე სიყალბე არ ჩაიდინოს. ISFED რას უნდა დააკვირდეს? მსოფლიოში ერთადერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელმაც პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბა. იქით არის დასაკვირვებელი ISFED, რომ რაღაც მსგავსი სიგიჟე ისევ არ ჩაიდინოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან ერთად გახშირდა მმართველი პარტიის მიერ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების ინიციირება და მიუხედავად იმისა, რომ კამპანია 60 დღით ადრე იწყება, ასეთი პროგრამებისა თუ ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების შანსებს შეიცავს და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარს შლის.