რთული იყო უკრაინისთვის გასული ღამე. კრემლის ჯარებმა ზაპორიჟიეში დაბომბეს სასტუმრო, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, მცირეწლოვანი. დაშავდა ასევე ორი ადამიანი. 12 წლის გოგონა ინტენსიურ განყოფილებაშია და ოფიციალური ინფორმაციით, მას კიდურების მოტეხილობა და ასევე სხეულის 45 პროცენტამდე დამწვრობა აქვს.
უკრაინაში იმყოფება ნიდერლანდების ახალი პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი. იგი სწორედ ზაპორიჟიეში ჩავიდა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად. პრეზიდენტ ზელენსკისთან მისი საუბრის მთავარი თემები უკრაინის დახმარება, ეფ-16-ების საკითხი და ასევე კურსკის ოპერაცია იყო.
„ჩვენ გვჯერა, რომ კურსკის ოპერაცია გავლენას მოახდენს ფრონტის სხვა მიმართულებაზე. შემცირდება ესკალაცია, რაც რუსული ჯარების დასუსტებასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ჯერჯერობით ვხედავთ, რომ რთული სიტუაციაა… მობილიზებულია ბრძოლისუნარიანი რუსული ქვედანაყოფები, რადგან დონბასი მათი მთავარი სამიზნე იყო მუდამ. უნდათ დონეცკის ოლქის სრული ოკუპაცია, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში ვიზიტისას ახსენა აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრეჰემის ინიციატივა. ის უკავშირდებოდა პარტნიორი ქვეყნებიდან იმ გამოცდილი პილოტების უკრაინაში მივლინებას, რომლებიც აქტიურ სამხედრო სამსახურში აღარ არიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს, დააჩქაროს უკრაინისთვის ეფ-16-ების გადაცემის საკითხი.
„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ პილოტების მომზადების პროგრამას. ეფ-16-ების უკრაინისთვის მიწოდების პროცესის შუაში ვართ. ასე რომ, ვცდილობთ, დავაჩქაროთ ეს ყველაფერი. იგივე ეხება პარტნიორებთან ერთად პატრიოტის სისტემების მიწოდების საკითხს. ყველაფერს ვაკეთებთ ამ პროცესის დასაჩქარებლად. აშშ-ის სენატორმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია, გამოვიყენოთ სხვა ქვეყნის გამოცდილი მფრინავი. უნდა გავერკვეთ საკითხში ეფ-16ების კოალიციაში შემავალ ქვეყნებთან ერთად“, – განაცხადა დიკ სხოფმა.
დასავლური მრავალფუნქციური გამანადგურებლების გადაცემა თავიდანვე დაუკავშირდა რუსული იერიშების მოგერიების საკითხს. ამ მიზნით დაიწყო ოპერაცია უკრაინამ კურსკში, რადგან როგორც ზელენსკი აცხადებდა, რუსეთი მოსაზღვრე რეგიონებიდან უტევს ქვეყანას. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, კურსკის ოლქში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დასახლება კორენევოსთან დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს. ეს დასახლება უკრაინის მიერ კურსკის ოლქში დაკავებული ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებაზეა. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, უკრაინული არმია ამ დასახლებას პირდაპირ აღარ უტევს და შემოვლით მანევრს ატარებს. ამასთან, როგორც სამხედრო ბლოგებზე გავრცელდა ინფორმაცია, კურსკში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია კვლავ შეიზღუდა.
უკრაინელები კურსკში იერიშებს აგრძელებენ, ხოლო რუსული არმია კი, ძალიან აქტიურობს დონეცკის ფლანგზე. კიევის ინფორმაციით, ერთ დღეში კრემლმა 33 სარაკეტო და 68 საავიაციო იერიში მიიტანა უკრაინაზე. ფრონტის ხაზზე ჯამში ერთ დღეში სხვადასხვა ინტენსივობის 197 საბრძოლო დაპირისპირება მოხდა.