ღამის წყვდიადში განგაშის სირენის ხმასთან ერთად უკრაინელი ქალი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
27 წლის ანჯელინა, რომლის სრული სახელიც უკრაინის სამხედრო პოლიციამ არ გააჟღერა, თითქმის ორი თვეა, რაც მობილური საჰაერო თავდაცვის რაზმში ჩაირიცხა და უკვე სრულყოფილად შეისწავლა საზენიტო ტყვიამფრქვევისა და სხვა იარაღების მოხმარება. აგვისტოს ერთ ღამეს ანჯელინა და მისი გუნდი, რომელიც ქალებისგან შედგება, კიევთან ახლოს, ბუჩის გარეუბანში, ერთ-ერთ პოზიციაზე იმყოფება. ამჯერად, რუსების მიერ მართული შაჰიდის მორიგი დრონი ჩამოაგდო.
ანჯელინას ყოველი ჩამოგდებული დრონი ახარებს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ მე შემიძლია პატარა წვლილი შევიტანო იმისთვის, რათა დედაჩემს მშვიდად ეძინოს, ჩემს და-ძმებს სკოლაში წასვლა და მეგობრების მონახულება მშვიდად შეეძლოთ და ჩემს ნათლულებს მშვიდობიან, მოწმენდილ ცაზე ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ“, – ამბობს ანჯელინა.
მამაკაცების აღმოსავლეთის ფრონტზე გაგზავნის შემდეგ სულ უფრო მეტი ქალი საკუთარი სურვილით ირიცხება მობილურ რაზმებში, რათა გაანეიტრალონ რუსული დრონები, რომლებიც უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეებსა და ენერგოინფრასტრუქტურას ემუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალების რაოდენობა უკრაინის ჯარში კაცებისაზე საგრძნობლად მცირეა, მათი როლი კრიტიკული მნიშვნელობისაა.
ანჯელინა ჰყვება, რომ ივნისში მან და მისმა მეგობარმა ოლენამ გზაზე ბანერი შენიშნეს. ბანერში ეწერა, რომ უკრაინის არმია ქალ მოხალისეებს ეძებდა. ორივე მათგანი ჯარში იმავე დღეს ჩაირიცხა.
„ხალხმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენს სამხედროებს დახმარება და ჩანაცვლება სჭირდებათ. ისინი ძალიან დაიღალნენ. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ დავეხმაროთ და დავასრულოთ ეს ყველაფერი ჩვენივე კეთილდღეობისთვის“, – აცხადებს ანჯელინა.
ანჯელინას შეყვარებული აღმოსავლეთის ფრონტზე იბრძვის. გოგონას თქმით იქ, ფრონტზე, სიტუაცია ბევრად სახიფათოა. ისინი ცდილობენ ერთმანეთი გაამხნეონ, და გააფრთხილონ. რუსები დრონებით თავდასხმას უფრო ხშირად ღამით ახორციელებენ. ხანდახან ანჯელინას საათობით უწევს ჩასაფრებული ყოფნა, ვიდრე დრონის ჩამოგდებას შეეცდება.
გოგონას თქმით, რაც მეტი ქალი გაივლის სწავლებას და ჩაირიცხება ტერიტორიული თავდაცვის ძალებში, მით უფრო უკეთ შეძლებენ დაიცვან უკრაინა და უკრაინის ცა.