58 დღეში საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს აირჩევენ. ეს არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. შესაბამისად, ამ არჩევნებზე მეორე ტურები აღარ იქნება.
ისტორიაში პირველად, ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების – ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მისცემს. 3030 საარჩევნო უბნიდან, 2262 უბანზე ხმის მიცემის პროცესი ელექტრონულად ჩატარდება, 768 უბანზე კი – ტრადიციული წესით.
ამ არჩევნებზე მოქალაქეთა პირადობის მოწმობებსა თუ პასპორტებს წამკითხველი აპარატებით შეამოწმებენ, ვერიფიკაციის აპარატიდან კი ამომრჩევლები დოკუმენტაციის ნამდვილობის დამადასტურებელ ქვითარს მიიღებენ. საუბნო კომისიის წევრი ბიულეტენის შევსების წესს ადგილზე განმარტავს. შემდეგ კი მოქალაქეები არჩევანს კაბინაში გააკეთებენ. ბოლოს ბიულეტენს სპეციალური კონვერტით აპარატში მოათავსებენ.
კანონმდებლობის მიხედვით, ახლა პირველ რიგში საოლქო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს. 73 ოლქის დროებითი წევრებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ მიღება უკვე გამოაცხადა. მათი ცოდნა ცესკომ გასაუბრებით უნდა შეამოწმოს. ამ პროცესში კი მთავარი გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობაა. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, საოლქო და საუბნო კომისიებისთვის მაღალკვალიფიციური და მიუკერძოებელი კანდიდატურები შეარჩიოს.
მოქალაქეებმა ამომრჩეველთა ერთიანი სიაში უნდა გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები, იმის გასარკვევად, თუ სად აძლევენ ხმას. მონაცემების გადამოწმება ცესკოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. და როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი იმ შემთხვევაში, თუ გადამოწმების შემდეგ, თავის საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებულები არიან მისთვის უცნობი პირები? – უცხო პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოსახსნელად, ბინის მესაკუთრის განცხადებაა საჭირო, რომელიც უნდა წარედგინოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
პარლამენტის არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები სრულფასოვნად მონაწილეობენ. ამისთვის საკმარისია იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე და არჩევნების დღემდე 19 დღით ადრე მაინც, ანუ 7 ოქტომბრამდე გაიარონ რეგისტრაცია სხვა ქვეყანაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში.
ხმის მიცემა ფარულია და არავის აქვს იმის შესაძლებლობა, დაადგინოს ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. გაფერადებული ბიულეტენის მიხედვით, ვერავინ დაადგენს, ვისზე გააკეთა მოქალაქემ არჩევანი.