„ყველაზე არაკონსტიტუციური კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტს მიუღია“ – ასე დაახასიათა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე.
დღეს 11:00 საათიდან სადავო კანონის წინააღმდეგ არსებულ 4 სარჩელს, რომელიც ერთ საქმედ გაერთიანდა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ სრული შემადგენლობა განიხილავს, თუმცა სხდომას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზით ვერ ესწრება საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ირინე იმერლიშვილი.
მოსარჩელეები – პრეზიდენტი, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები და ოპოზიციონერი დეპუტატები კანონის შეჩერებას, შემდგომ კი, სრულად გაუქმებას ითხოვენ და ამბობენ, რომ კანონი “უცხოური გავლენების შესახებ” კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს – არღვევს მუხლს, რომელიც ხელისუფლებას ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ერთგულებას ავალდებულებს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, 27 აგვისტოს სასამართლოში შევიდა კიდევ ერთი სარჩელი, რომელიც ჯერ დარეგისტრირებული არ არის. მისივე განმარტებით, სარჩელის ავტორი „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციაა“.
სასამართლოს სხდომას არ ესწრებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მათ ნაცვლად, საქართველოს პარლამენტს აპარატის თანამშრომლები ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენენ.
მოსარჩელე მხარე სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა. საქართველოს პრეზიდენტის თითქმის 70 გვერდიან სარჩელს სახელმწიფო სამართლის სპეციალისტი ზურაბ მაჭარაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კახი სამხარაძე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და და ყოფილი პარლამენტარი ეკა ბესელია წარმოადგენენ.
„ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველოს ცხრა პირობა აქვს შესასრულებელი. ამ ცხრის მიღმა, ეს კანონი არის აქილევსის ქუსლი, მთავარი გამოწვევა, რომლის არსებობა ბუნებრივად გამორიცხავს შემდეგ პროცესს… პირობითად, თუკი ამ საქმის განხილვა გაგრძელდა თვეებისა და წლების განმავლობაში და მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნობის გადაწყვეტილება, შემდგომ პოლიტიკური მდგენელი შეიძლება შეცვლილი იყოს.. 78-ე მუხლს აქვს ორი განზომილება: პოლიტიკური და სამართლებრივი. მას ტექნიკურად ვერ შევხედავთ. პოლიტიკური კონიუნქტურა შეიძლება შეიცვალოს“ – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
„ვიკითხავ რიტორიკულად – რა ზიანი მიადგა იმ ინტერესს, რომლის გამოც ეს კანონი შემოიტანეს და რომლის გამოც ამტკიცებენ? რაიმე დაზიანდა, რაც ის კანონი შეჩერდა, მის ხელახლა ინიცირებამდე?!
ახლა დავითვალოთ, რა ზიანი მიადგა ჩვენ ქვეყანას კანონის მიღების შედეგად. კანონის მიღებით დაირღვა კანონიერების პრინციპი. არ არსებობდა მისი მიღების ლეგიტიმური მიზანი, არ იყო დაცული პროპორციულობის პრინციპი და არ იყო არანაირი დასაბუთება, თუ რატომ იყო საჭირო იმ ზომით ჩარევა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში, რა მასშტაბის ჩარევის საფრთხესაც ეს კანონი ქმნის“, – განაცხადა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
სასამართლოში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი დავითური და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ქეთევან ერემაძე არიან. ორ მედიაორგანიზაციას „სტუდია მონიტორსა“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელს“ კი, გელა მთივლიშვილი წარმოადგენს.
„დღეს თქვენ იხილავთ საქმეს, რომელიც შეეხება იმ სახელმწიფოს, ხალხს და საზოგადოებას, რომელიც კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ცივილიზაციური არჩევანის გზაგასაყარზე. ჩვენი იდენტობა, ისტორია, ტრადიციები, კულტურა, სამართალი, დემოკრატია, თუნდაც ისეთი, როგორიც არის – ჯერჯერობით საკმაოდ მყიფე და არასრულყოფილი – ეს სიკეთეები დადგა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე და ამის, შეიძლება არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ნამდვილად არის ეს კანონი. ამ კანონმა არაფერი ღირებული არ შექმნა, ის არ ემსახურება ამ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს. სამაგიეროდ, მან მოახერხა და საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია. ეს კანონი არის და გახდება კიდევ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ძალაუფლების მპყრობელთათვის, მათდამი კრიტიკული და ამ ნიშნით მათთვის მიუღებელი საზოგადოების ნაწილის: არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიების, ცალკეული პირებისგან შექმნას მტრის ხატი, მიაკეროს მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარის და მაშასადამე, აგენტის, ჯაშუშის იარლიყი და საზოგადოების სამიზნედ აქციოს. ეს კანონი კრიტიკული აზრის ჩახშობაზეა ორიენტირებული და მიზნად სწორად ამას ისახავს. ჩვენი ამოცანაა, ასეთი შეუქცევადად მძიმე შედეგების თავიდან აცილება შევძლოთ,” – განაცხადა ქეთევან ერემაძემ.
ოპოზიციის სარჩელს დეპუტატებთან თამარ კორძაიასთან და ანა ნაცვლიშვილთან ერთად, სალომე რურუა და თამუნა მენაბდე წარმოადგენენ.
„ჩვენ, პარლამენტის წევრები, როგორც კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ ამ სარჩელით ვასრულებთ ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც 78-ე მუხლმა დაგვიწესა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც დღეს შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ გაურკვეველი ვადით დაგვეხურება ევროკავშირის კარი,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას იწვევს, აჩენს კანონით დადგენილი რეგულირებების ფართოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობას და არ აკმაყოფილებს „კანონის განსაზღვრულობის“ მოთხოვნებს.
„არსებული მონიტორინგის მექანიზმი, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. ანგარიშგების დამატებითი მოთხოვნების დაწესებით კი, მნიშვნელოვანი და გადაჭარბებული ორგანიზაციული ტვირთი იქნება ორგანიზაციებისთვის და მათი პერსონალისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს მათ შესაძლებლობას ეფექტურად განახორციელონ ძირითადი საქმიანობა. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და პროპორციული დეკლარირებული ლეგიტიმური მიზნებისა“ – წერია დოკუმენტში.
საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა გრძელდება. მოსამართლეთა წინაშე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ჯერ არ წარმდგარან, თუმცა გუშინ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ სასამართლოში მათ ერთადერთი, ძალიან მოკლე არგუმენტი ექნებათ. ეს არგუმენტი კი ამგვარად ჟღერს: „გამჭვირვალობაში არაფერია ანტიევროპული“.