“აპრილი”
„აპრილი“- ასე ჰქვია ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ახალ ფილმს, რომელიც ვენეციის 81-ე კინოფესტივალის მთავარ კონკურსზეა წარდგენილი. „აპრილი“ მოგვითხრობს მეან-გინეკოლოგ ნინაზე, რომელიც ქვეყანაში არსებული კანონის მიუხედავად აბორტებს აკეთებს. ერთხელ, როცა მისი მორიგეობისას ახალშობილი იღუპება, მას დაუდევრობაში ადანაშაულებენ და გამოძიებას იწყებენ. ფილმის მთავარი პერსონაჟი კი ბოლომდე იცავს პროფესიულ ღირსებას. მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ.
დეა კულუმბეგაშვილი ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილე მეოთხე ქართველი რეჟისორია. მასთან ერთად ვენეციის კინოფესტივალის ბიენალეს უმაღლესი პრემიისთვის, ოქროს ლომისთვის მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორები იბრძოლებენ.
“ოთახი მეზობლად”
მათ შორის არის ოსკაროსანი რეჟისორი პედრო ალმოდოვარიც. მის ახალ ფილმში სახელად „ოთახი მეზობლად“ შოტლანდიელი მსახიობი, ტილდა სუინტონი ომის რეპორტიორის როლს ასრულებს. ფილმში მონაწილეობს ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯულიან მური. „ოთახი მეზობლად“ ორი მეგობრის ისტორიას გვიყვება, რომელთაგან ერთ-ერთი სიმსივნეს ებრძვის. ეს არის ფილმი მეგობრობაზე, სიყვარულზე, სიკვდილსა და ომზე.
“ჯოკერი”
ვენეციის კინოფესტივალის მთავარ ჯილდოზეა წარდგენილი ტოდ ფილიპსის ცნობილი „ჯოკერის“ მეორე ნაწილიც, რომელშიც მთავარ როლს, ისევე როგორც პირველ ნაწილში, ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. ფილმში მონაწილეობს ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ლედი გაგაც.
“მარია”
რეჟისორ პაბლო ლარეინის ფილმში „მარია“ მსახიობი ანჯელინა ჯოლი ოპერის მომღერლის, მარია კალასის, როლს ასრულებს. პაბლო ლარეინი ამ ფილმზე სცენარისტ სტივენ ნაიტთან ერთად მუშაობდა, რომელიც სერიალის „ალესილი კეპების“ ერთ-ერთი შემქმნელია. ფილმში მოქმედება პარიზში, 1970 წელს ხდება.
“ბრუტალისტი”
შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი რეჟისორი ბრედი კორბეტის ახალი ფილმი “ბურტალისტი” მისი ყველაზე ამბიციური ნამუშევარია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა არქიტექტორზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდება. ომის შემდეგ კი ის ცოლთან ერთად ამერიკაში მიემგზავრება. ფილმის ხანგრძლივობა 3 საათსა და 35 წუთს შეადგენს.
“ქვიარი”
იტალიელი რეჟისორის ლუკა გუადანინოს “ქვიარი” ამერიკელი მწერლის იულიამ ბეროუზის ნოველის მიხედვით არის გადაღებული. მასში მონაწილეობას იღებს მსახიობი დენიელ კრეიგი, რომელიც ამერიკელი დრიფტერისა და ნარკოდამოკიდებულის როლს ასრულებს. უილიამ ბეროუზის ნოველა მე-20 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში დაიწერა, თუმცა პირველად 1985 წელს გამოიცა. ლუკა გუადანინოს ამ ნამუშევარზე დიდ იმედებს ამყარებენ.
Babygirl (პატარა გოგო)
ნიდერლანდელი რეჟისორის ჰალინა რეინის Babygirl ეროტიკული სცენებით გამოირჩევა. წარმატებული ბიზნესმენი ქალის როლს ნიკოლ კიდმანი ასრულებს, რომელიც ახალგაზრდა სტაჟიორთან სარისკო რომანს დაიწყებს.
Kjærlighet (სიყვარული)
ნორვეგიელი რეჟისორის დაგ იოჰან ჰაუგერუდის ფილმი “სიყვარული” ჯანდაცვის ორ მუშაკზე მარიანსა და თორზე მოგვითხრობს, რომლებიც სექსისა და ურთიერთობების შესახებ ტრადიციულ იდეებს ეწინააღმდეგებიან. თორს ხშირად კაცებთან აქვს ურთიერთობა, მარიანი კი ცდილობს სამყაროს მისი პერსპექტივიდან შეხედოს. ფილმში საუბარია იმაზე თუ როგორ შეიძლება ორი ადამიანის ურთიერთობა განვითარდეს თუკი ისინი საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს არ მიყვებიან.
Jouer Avec Le Feu (მშვიდი შვილი)
ფრანგი და-ძმა დელფინ და მურიელ კულენები ვენეციის კინოფესტივალზე პირველად წარდგებიან ფილმით “მშვიდი შვილი.” ფილმი ეხება მარტოხელა მამას, რომლის უმცროსი ვაჟი ლუი, სასწავლებლად პრესტიჟულ უნივერსიტეტში მიდის. უფროსი კი ულტრამემარჯვენე და ექსტრემისტული იდეებით არის შეპყრობილი.
“მოსავალი”
ბერძენი კინორეჟისორი ათინა რაჰელ ცანგარი ვენეციის კინოფესტივალს თავისი ახალი ფილმით უბრუნდება, რომელსაც “მოსავალი” ჰქვია. ფილმი ჯიმ კრეისის ნოველის ადაპტაციაა და მოქმედება შუა საუკუნეებში ვითარდება. აქ ჩანს თუ როგორ იცვლება მდგომარეობა სოფელში, როდესაც მას უცხო სტუმრები ეწვევიან. სოფლის მოსახლეობა ამ სტუმრებს ბეღლის დაწვაში ადანაშაულებენ.