29 აგვისტოს 11:00 საათიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვას იწყებს.
საქმეს პლენუმი, ანუ სასამართლოს სრული შემადგენლობა განიხილავს. იმ კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც მმართველმა პარტიამ საზოგადოების დიდი ნაწილისა და დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო, საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შევიდა. ე. წ. გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციათა ნაწილი და ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას“.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მათ ერთადერთი, ძალიან მოკლე არგუმენტი ექნებათ: „გამჭვირვალობაში არაფერია ანტიევროპული“.
„ისეთი აბსურდით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, გზას არ უტოვებენ, რომ მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. რა საკვირველია, წინასწარ ვერავინ იტყვის, როგორი იქნება გადაწყვეტილება და რა არგუმენტი ექნება მოსარჩლე მხარეს, მაგრამ მოპასუხე მხარეს ერთადერთი, მოკლე არგუმენტი აქვს: არაფერი ანტიევროპული გამჭვირვალობაში არ არის. პირიქით, ეს ევროპული სტანდარტია და არ მგონია, რომ რაიმე ან პოლიტიკური, ან სამართლებრივი არსებობს მსოფლიოში, რაც ამას შეეწინააღმდეგება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოთხი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ საქმედ განიხილება. პრეზიდენტი სარჩელს სასამართლოში გიორგი ბურჯანაძე და ეკა ბესელია წარმოადგენენ. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მომხსენებლები ქეთევან ერემაძე და გიორგი დავითური, ოპოზიციის წარმომადგენლები კი, დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი იქნებიან.
„ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, წავიდეს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით, თუ იხელმძღვანელოს საქართველოს ინტერესებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ შეაჩერებს კანონის მოქმედებას, ეს გამოუსწორებელი ზიანი იქნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის და საქართველოს დემოკრატიისთვის. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური, ან სრულად არ შეაჩერებს კანონს, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, დავუსაბუთოთ სასამართლოს ის რისკები, რაც მოჰყვება კანონის სრულად ამოქმედებას და ვეცდებით, მივაღებინოთ ქვეყნისთვის საკეთილდღეო გადაწყვეტილება. ვინაიდან კანონის სანქციების ნაწილი პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში, გონივრული იქნება, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება პირველ სექტემბრამდე მიიღოს“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში სადავო კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვის დაწყებას ეხმაურებიან ის ოპოზიციონერებიც, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელს არ შეუერთდნენ.
„ჩემი აზრით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როგორი არგუმენტები ექნება საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსარჩელეების მიზანია, სათქმელი ჰქონდეთ, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანეთ, ვიბრძოლეთ და ვერაფერს მივაღწიეთო. მაშინ, როდესაც ყველას წინასწარ ესმის და სარჩელის შედგენის მომენტშიც ცხადია, რომ ის სასამართლო, რომელმაც პრეზიდენტი თვითონვე გამოაცხადა კონსტიტუციის დამრღვევად ამ სარჩელის განმხილავი უბრალოდ ვერ იქნება. ამით, უბრალოდ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოზე ლეგიტიმაციის მინიჭება, თითქოს იქ ახლა მართლა კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს და არა სხვა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. კანონის მიღებას წინ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები უძღოდა. სადავო კანონმა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილთან ერთად დასავლელი პარტნიორებიც ეწინააღმდეგებოდნენ, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შეაჩერა. ამასთან, საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობის „ღრმა და ყოვლისმომცველი გადახედვა“ დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.