სულ მალე წინანდლის ისტორიულ მამულში კვლავ გაიმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი. წინანდლის ფესტივალის მე-6 სეზონი 31 აგვისტოს დაიწყება და 9 დღის განმავლობაში ქართველ და მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს.
მუსიკოსები უკვე ჩამოვიდნენ საქართველოში და ფესტივალისათვის გამალებული მზადება მიდის. წელს წინანდალში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრიც დაუკრავს. მათ რეპეტიციას დღეს სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დირიჟორი კლაუდიო ვანდელი უძღვებოდა.
ორკესტრი ცნობილი იტალიელი მაესტროს დირიჟორობით ფესტივალზე 2 სექტემბერს წარდგება და შოპენისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებებს შეასრულებს. წინანდლის ფესტივალი 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ფესტივალის პირველ დღეს სცენა ტრადიციულად პანკავკასიურ ორკესტრს დაეთმობა. რომელსაც მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს.
„უკვე რამდენიმე წელია ამ ორკესტრს ვიცნობ. რადგან მე ვირჩევ ყველა მუსიკოსს პანკავკასიური ორკესტრისთვის, რომელიც წინანდლის ფესტივალის მთავარი ორკესტრია, თბილისში „ქასთინგს“ ყოველ წელს ვატარებ. ამ ორკესტრის ბევრი წევრისთვის აქამდეც მომისმენია. ზოგიერთი მათგანი პანკავკასიურ ორკესტრში უკრავს. ძალიან კარგია, რომ ერთად მუშაობის შესაძლებლობა გვაქვს. ამ ორკესტრს ორი წლის წინაც ვუდირიჟორე. ჩემთვის მათთან დაბრუნება პატივია. მგონია, რომ ისინი ყოველწლიურად ვითარდებიან და ფანტასტიკურად მუშაობენ”, – აღნიშნავს კლაუდიო ვანდელი.