2024 წლის ოქტომბერში ევროკავშირი ყოველწლიურ გაფართოების ანგარიშს გამოაქვეყნებს, სადაც ბლოკში გაწევრების მსურველი ქვეყნების ევროინტეგრაციის პროგრესი იქნება შეფასებული. მათ შორის ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის – მიერ გადადგმული ნაბიჯები.
ის, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველო ევროინტეგრაციის პროგრესის შესახებ გაკეთებული რეკომენდაციები და შეფასებები – ამაზე ბლოკის ლიდერების განცხადებები მიანიშნებს.
ამ დროისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლების შეფასებები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მწვავედ კრიტიკულია. ბლოკის ლიდერების შეფასებით, 2024 წლის მაისში ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინა.
რაც შეეხება, ასოცირებული ტრიოს სხვა ქვეყნებს, უკრაინას და მოლდოვას, საქართველოსგან განსხვავებით, არაერთი ევროპელი ლიდერი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს მათი დაჩქარებული გაწევრების მიმართ.
ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა სამშაბათს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრების საერთო მხარდაჭერის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა, ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის პრეზიდენტები კიშინიოვში მიიღო.
პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა მოლდოვის ევროინტეგრაციის მიმართ და განაცხადეს, რომ ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
ეს დასავლეთთან დაახლოების და რუსული გავლენის სფეროსგან ჩამოშორების გზაზე მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის, რომელიც მოსკოვს მის წინააღმდეგ ,,ჰიბრიდული ომის“ გაჩაღებაში ადანაშაულებს. კერძოდ, ადგილობრივ არჩევნებში ჩარევასა და დეზინფორმაციული კამპანიის მეშვეობით მთავრობის გადატრიალების მცდელობაში.
სწორედ, რუსეთისგან და ჩინეთისგან მომდინარე უსაფრთხოების რისკების ფონზე გახშირდა ბოლო წლებში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე საუბარი.
ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მხარს უჭერს ბლოკის დაჩქარებულ გაფართოებას უკრაინისა და ბალტიის ქვეყნებისთვის.
მისი თქმით, გაფართოება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბლოკის მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს და განიხილოს ომში ჩართული უკრაინის შემოერთებაც. კუბილიუსის თქმით, ევროკავშირი უნდა დაუბრუნდეს 2000-იანი წლების დროინდელ ფილოსოფიას, როდესაც ბლოკმა ერთდროულად ათი ახალი ქვეყანა მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი არ არის სამხედრო ალიანსი, გაწევრების მსურველ ქვეყნებში ბევრი მიიჩნევს, რომ ბლოკში გაერთიანება რუსეთის გავლენისგან და აგრესიისგან თავდაცვის გარანტიას წარმოადგენს.