წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, ასევე საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში სხვადასხვა რეგულაცია ამოქმედდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალპროფესიულად წარიმართოს. 26 ოქტომბერს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ოთხი წლის ვადით პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.
პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, 26 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებს აქტიურად გამოიყენებს და ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული საშუალებების – ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მისცემს.