მთავარისაქართველოპრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა

პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა

„უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც რეფერენდუმის ტოლფასი იქნება: ევროპა თუ რუსეთი“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის განკარგულებას მოაწერა ხელი.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის ბედს გადაწყვეტს და მასზე საქართველოს მომავლის გადარჩენაა დამოკიდებული. „მოგვიახლოვდა გადაწყვეტილების დღე – დღე არჩევანის, დღე გადარჩენის“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„დღეს საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს. საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს. ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი სათქმელი. ეს რომ ჩვეულებრივი არჩევნები იყოს, იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, სათქმელი არაფერი მექნებოდა.

უნდათ, დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება. არასოდეს არავინ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა და არავინ ამზადებს ომს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტებისა და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი მტრის მადას ზრდის, ე. ი. ზრდის ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვაა ქვეყნის უსაფრთხოების.

უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც რეფერენდუმის ტოლფასი იქნება – ევროპა თუ რუსეთი. გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი – ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა. წარსული თუ წინსვლა, თავისუფლება თუ მონობა, დიქტატურა თუ დემოკრატია, ერთპარტიული ძალაუფლება თუ მრავალპარტიული ხელისუფლება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend