პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლებმა, ქეთი თურაზაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა პენსიონერთათვის საბანკო სესხების გაცემის საკითხზე ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, 800 000-მდე პენსიონერიდან თითქმის ნახევარს მოტყუებით მიცემული საპენსიო სესხი აქვს.
ამ საკითხზე მათ სასამართლოს საპენსიო “ოვერდრაფტის” გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა მათივე თქმით, სასამართლომ, რომელიც ხელისუფლების მიერაა მართული, განხილვის ვადები დაარღვია და საქმე ჯერაც არ განუხილავს.
“დღეს საქართველოში 800 000-მდე პენსიონერიდან თითქმის 400 000 პენსიონერს მოტყუებით მიცემული საპენსიო სესხი აქვს. 13 თებერვალს მივმართეთ სასამართლოს საპენსიო “ოვერდრაფტის” გაუქმების მოთხოვნით. “ქართული ოცნების” ჯიბის სასამართლომ დაარღვია ვადა და ჯერ კიდევ არ ჩაუნიშნავს პროცესი. ჩვენ, ოპოზიცია ვიყენებდით ყველა ბერკეტს, მივმართავდით ყველა პასუხისმგებელ პირს, მათ შორის ეროვნულ ბანკს, რომ ემოქმედა მოტყუებული პენსიონერების უფლებების დასაცავად, მაგრამ მათ თვალი დახუჭეს პენსიონერების წამებაზე ამ ქვეყანაში. ჩვენ, “ძლიერი საქართველო” მზად ვართ, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების არჩევანით დასრულდეს ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დღეს საქართველოში ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ. ეს არ არის ის სტანდარტი, რომელსაც ჩვენ შევეგუებით, მოვითმენთ და მივიღებთ! საქართველოში თითოეულ ხანდაზმულ ადამიანს ექნება 1000-ლარიანი პენსია”,- აცხადებს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი.