რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის, ყველაზე ხანგრძლივად შეფასებული სახმელეთო ოპერაცია გრძელდება. მე-17 დღეს ქალაქ სუჯაში უკრაინული სამხედრო კომენდატურა ამოქმედდა.
კიევის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ მოქცეული ათობით რუსული დასახლების ფონზე, უკრაინა აგრესორს დრონებითაც უტევს. ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა, ხოლო სევასტოპოლის ყურეში წყლის სამგზავრო ტრანსპორტის გადაადგილებაა შეჩერებული. სამთავრობო რეზიდენციაში დაბრუნებულმა ვლადიმერ პუტინმა საზღვრისპირა ოლქებში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.
რუსებისთვის ყველაზე რთული ვითარება კვლავ კურსკის მიმართულებითაა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რუსული კონტროლის მიღმა დარჩენილ ოლქში მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლამდე გადადო.
საგანგებო თათბირზე რუსეთის პრეზიდენტმა კიევი პროვოკაციებსა და კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ე.წ „თავდასხმის“ მცდელობაში დაადანაშაულა. ამავდროულად, უკრაინა აცხადებს, რომ რუსულმა ჯარებმა ოკუპირებულ ზაპორიჟიის ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც რეაქტორების მუშაობაში გარკვეული შეფერხებები დაფიქსირდა. ურთიერთბრალდებების ფონზე, ოფიციალური მტკიცებულებები არც ერთ მხარეს არ აქვს.
რთული ვითარება ნარჩუნდება ბელგოროდის ოლქში. რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ახალი სასწავლო წლისთვის, დამატებით თავშესაფრებს აწყობს. კურსკის ოლქის ხელმძღვანელის მრჩეველმა კი რილსკის მცხოვრებლებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა. ტელეგრამარხზე რომან ალიოხინმა უკრაინული ჯარი, მოსკოვისთვის ბოლო დროს დამახასიათებელი ეპითეტებით მოიხსენია, თუმცა მოგვიანებით დაწერა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა.
„ჩვენ არაერთ ზომას ვატარებთ. მაგალითად, თავშესაფრების მოწყობა, ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. თავშესაფრებს ვაწყობთ საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, სკოლების შესასვლელებთან. ვაყალიბებთ ზონებს, სადაც შესაძლებელი იქნება ნამსხვრევებისგან თავდაცვა, სადაც არ არის მიწისქვეშა თავშესაფრები, ფანჯრებს სკოტჩით ვფარავთ“, – განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა.
გასულ დღეებთან შედარებით, რუსულ ტერიტორიაზე უკრაინული ჯარების წინსვლა შენელებულია, თუმცა კიევის მმართველობა აცხადებს, რომ ამის მიზეზი პოზიციების გასამყარებლად, შეიარაღებული ძალების ტაქტიკური ნაბიჯებია.
უკრაინის სასარგებლოდ წინსვლა შეინიშნება პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის ფონზე. კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი. რუსეთის ფართომასშტაბიან ომთან დაკავშირებით, ნიუ-დელის მკაფიო პოზიცია უცნობია, რადგან სამხედრო კონფლიქტის მიუხედავად, ინდოეთი მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს.
ივნისის ბოლოს ინდოეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლელმა პარტნიორებმა დაგმეს. ნარენდრა მოდი 22 აგვისტოს პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდა, სადაც ომის „მშვიდობიანად გადაწყვეტის“ ინიციატივით გამოვიდა.
„უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ინდოეთს მტკიცედ სწამს, რომ ვერც ერთი პრობლემა ვერ მოგვარდება ბრძოლის ველზე. კაცობრიობისთვის, ნებისმიერი კრიზისას, უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა უდიდეს გამოწვევად იქცა. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგსა და დიპლომატიას, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, უკრაინის მხარდაჭერის პირობა დადო ამერიკის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა და 47-ე პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა.
ვაშინგტონიდან პოლიტიკური გზავნილების გარდა, ცნობილი ხდება 150 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ.
კამალა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობის მეოთხე დღეს ოფიციალურად მიიღო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა. სიტყვით გამოსვლისას მისი მთავარი სასაუბრო თემები იყო საზოგადოების ერთიანობა, წინსვლა და გლობალური მშვიდობის მიღწევა.https://t.co/QdjU3me39w
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) August 23, 2024
„რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 5 დღით ადრე, მე შევხვდი ვოლოდიმირ ზელენსკის, მისთვის მოსკოვის გეგმის შესახებ გასაფრთხილებლად. დავეხმარე 50-ზე მეტი ქვეყნის მობილიზებაში, რათა გლობალური პასუხი გაგვეცა რუსული აგრესიისთვის. როგორც პრეზიდენტი, მე მტკიცედ დავუჭერ მხარს უკრაინასა და ჩვენს მოკავშირეებს ნატოში“, – თქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და 47-ე პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჩიკაგოში, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
დასავლურ მხარდაჭერას მოსკოვი უცვლელად, სამხედრო აგრესიითა და მუქარის შემცველი განცხადებებით პასუხობს. ამერიკაში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა თქვა, რომ კურსკში სახმელეთო ოპერაციის დაწყებისა და იქ მიმდინარე მოვლენებისთვის „ყველა მკაცრად დაისჯება“, ხოლო უკრაინულ ძალებს გაანადგურებენ.
24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავს ისევ რუსული აგრესიის, ტერიტორიული ოკუპაციის, დასახლებების დაბომბვებისა და საერთაშორისო მხარდამჭერი გზავნილების თანხლებით, თუმცა რუსულ ტერიტორიაზე დასახლებების დაკავების ფონზე აღნიშნავს.
1991 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ უკრაინის სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს, მოსკოვი 10 წელზე მეტია, სამხედრო ქმედებებით თავადვე არღვევს.