თითქმის 11 თვეა, რაც ისრაელ-ჰამასის ომი დაიწყო. ბოლო ერთი თვეა კი, თეირანში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაციის გამო, ირანსა და ისრაელს შორის დაძაბული ურთიერთობა პიკს აღწევს.
არსებული მდგომარეობა სამხედრო ესკალაციის საფრთხეს მთელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ზრდის. მოკავშირეებთან ერთად ირანი ისრაელს მესამე კვირაა, მკაცრი პასუხით ემუქრება.
დაპირისპირებული მხარეები საკითხის გადაჭრას სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით ვერ ახერხებენ. კონფლიქტთან დაკავშირებით, სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, მშვიდობიანი მოსახლეობა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს.
სახელმწიფოთა მეთაურებისგან გასნხვავებით, ისრაელში რიგითი მოქალაქეებიც და ფინანსური ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ მზარდმა ესკალაციამ ეკონომიკური დაღმასვლა გამოიწვია. თანხმობაა საკითხის გადაწყვეტის გზაზეც – ისრაელში მიიჩნევენ, რომ გამოსავალი მხოლოდ ომის დასრულებაა.
„ჩვეულებრივ ჩვენ 3.7%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ წელს 14 მილიონი დოლარის წლიურ მშპ-ს დავკარგავთ. ეს მხოლოდ ციფრებია, მაგრამ სინამდვილეში დანაკარგი ბევრად მეტია“, – თქვა ეკონომისტმა, ჯეიკობ შეინინმა.
ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა ვითარებამ გაართულა ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირები და საერთაშორისო გადაზიდვები. სერიოზული დარტყმის ქვეშ მოექცა ტურისტული სექტორი. ზარალს განიცდიან სასტუმროები, კვებისა და სურსათის ობიექტები.
„რაღაც ეტაპზე ჩვენ განვიხილავდით რამდენიმე თვით დახურვას, რადგან წმინდა ეკონომიკური გადმოსახედიდან, ეს იქნებოდა დანაკარგების თავიდან აცილების ერთ-ერთი მეთოდი. თუმცა, ეს ნიშნავდა მთლიანი პერსონალის სამსახურიდან გაშვებას. რეპუტაცია და საქმე, რომელსაც 120 წლის განმავლობაში ვქმნით, წყალში ჩაიყრებოდა“, – თქვა სასტუმროების ქსელის წარმომადგენელმა, ჯერემი ბერკოვიცმა.
ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ომს ჯერ დასასრული არ უჩანს. ღაზის სექტორში ისრაელის ჯარის დამატებითი ნაწილები, ასევე მძიმე სამხედრო ტექნიკაა შეყვანილი.
ახლო აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციისთვის, გასულ კვირას კატარის დედაქალაქ დოჰაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მონაწილეობით, სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა.
ჯერჯერობით, მშვიდობას არ თანხმდებიან კონფლიქტში მონაწილე ტერორისტული დაჯგუფებები, თუმცა მიმდინარე კვირის ბოლოს დოჰა მოლაპარაკებების მეორე რაუნდს უმასპინძლებს. უცნობია, ეს შეხვედრა წერტილს დაუსვამს ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობას თუ გადააქცევს მას გრძელვადიან კონფლიქტად.