მთავარიაზიაირანიირანი ისრაელს მოულოდნელი დარტყმებით ემუქრება

ირანი ისრაელს მოულოდნელი დარტყმებით ემუქრება

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ისრაელს კვლავ სამხედრო პასუხით ემუქრება. გენერალ ალი მუჰამედ ნაინის თქმით, ისრაელს დარტყმას მისთვის მოულოდნელ დროს მიაყენებენ. ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან და ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასთან“ რეგიონში ვითარების დეესკალაციისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„დროს ვწყვეტთ ჩვენ. ჩვენი პასუხის მოლოდინის დრო შეიძლება უფრო გრძელვადიანი იყოს. ახლა, სიონისტები შიშით უნდა ელოდონ ირანის ან წინააღმდეგობის ფრონტის მოულოდნელ დარტყმასა და მასშტაბებს. თეირანის პასუხი შეიძლება არ იყოს წინა ოპერაციების მსგავსი. სცენარი და იარაღი არაა ყოველთვის ერთნაირი. ისრაელი უნდა დაელოდოს ჩვენს კარგად გათვლილ და ზუსტ დარტყმებს შესაბამის დროს“, – განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელმა, ალი მუჰამედ ნაინმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 31 ივლისს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე თეირანში თავდასხმის შემდეგ იქნა ლიკვიდირებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანმა ისრაელის ხელისუფლებას დააკისრა და „მკაცრი პასუხის“ გაცემით დაიმუქრა. მას შემდეგ სამი კვირა გავიდა, თუმცა თეირანი ისმაილ ჰანიეს მკვლელობას ჯერჯერობით მხოლოდ მუქარის შემცველი განცხადებებით ეხმაურება.

პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენი რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებს მართავს. კატარის დედაქალაქ დოჰაში, მიმდინარე კვირის ბოლოს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები უნდა განახლდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend