პარიზში ოლიმპიური ციებ-ცხელება არ დამთავრებულა. 28 აგვისტოდან საფრანგეთის დედაქალაქი ამჯერად პარალიმპიური თამაშების მასპინძელი იქნება.
პარალიმპიელებისთვის მოწყობილი ოლიმპიური სოფელი 4400-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს, 180 ქვეყნიდან.
ოლიმპიური სოფელი ყოველ მხრივ მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენებზე. გზები, ტროტუარები, გადასასვლელები და ა.შ. ყოველი საცხოვრებელი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე სპორტსმენებისთვის.
„პარალიმპიური სოფელში მოწყობილი ყველა საჯარო სივრცე ფაქტობრივად უკვე მზად არის სპორტსმენების დასახვედრად. ოლიმპიური სოფელი სრულად არის მორგებული ნებისმიერი ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენისთვის და ყოველ მხრივ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს“,-ამბობს ლორენ მიშო, ოლიმპიური და პარალიმპიური სოფლების დირექტორი.
გერმანულმა კომპანია ოტობოკმა, რომელიც ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების პარტნიორია, ოლიმპიურ სოფელში სარემონტო ცენტრი გახსნა, სადაც დაზიანებული ეტლებისა თუ პროთეზების შეკეთება იქნება შესაძლებელი.
ორგანიზატორები პარალიმპიურ სოფელში სპორტსმენებს კეთილმოწყობის ფართო სპექტრს სთავაზობენ. მათ შორის დიდ სივრცეს, სადაც სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტი იქნება. ასევე მოეწყობა სავარჯიშო მოედნები, სპორტ-დარბაზები, პოლიკლინიკა, ანტი-დოპინგ ცენტრი და ა.შ.
„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ სპორტსმენების სპეციალურად დაწყვილება არ გვიწევს, ყველა საცხოვრებელი ადაპტირებულია ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პარალიმპიელისთვის. მაგალითად: რამდენიმე წლის წინ, როცა პარალიმპიადაში ვიღებდი მონაწილეობას, ეტლით მოსარგებლე სპორტსმენები აუცილებლად ერთად უნდა ყოფილიყვნენ, რადგან ყველა ოთახი არ იყო აღჭურვილი სპეციალური პანდუსებით. ოლიმპიურ სოფელში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ სპორტსმენები მარტივად გადაადგილდნენ,”-ამბობს ლუდივინ მუნოსი, პარალიმპიური თამაშების მენეჯერი და ყოფილი პარალიმპიელი.
პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. წლევანდელ პარალიმპიადაზე საქართველოს რეკორდული რაოდენობის, 14 სპორტსმენი ეყოლება, სპორტის 6 სახეობაში.