14 დღე უკრაინის სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან. ოფიციალურად ცნობილია, რომ კურსკის ოლქში კიევის კონტროლქვეშ მოქცეულია 92 დასახლება და 1 250 კვ. კმ-ზე მეტი ფართობი. თანამგზავრული სურათებით დადასტურდა გლუშკოვოს რაიონში, მდინარე სეიმზე არსებული ხიდების განადგურება.
ამ მოცემულობაში, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები უკრაინული ჯარის კონტროლირებადი რუსული ტერიტორიის ფართობის მეტად გაზრდას, ხოლო კრემლის შეიარაღებული ძალების უკან დახევას ვარაუდობენ. თუმცა, სავარაუდოა, რომ მდინარე სეიმსა და რუსეთ-უკრაინის საზღვარს შორის, ფაქტობრივად, ალყაში მოქცეული სამხედროებისთვის ეს რთული ამოცანა იქნება.
მოსკოვის პროპაგანდისტული მაუწყებლები მიზანმიმართულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს კურსკის ოლქის დასახლებების დაკავების შემდეგ უკრაინელი სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას სასტიკად ეპყრობიან. მათივე ცნობით, სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, 17 ადამიანია დაღუპული, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალებში ყველა ამ ფაქტს უარყოფენ. კიევში აცხადებენ, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ისინი არ აპირებენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას.
რუსულ ტერიტორიებზე კიევის წინსვლის მიუხედავად, მძიმე ვითარება ნარჩუნდება უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე. დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ყოველი ახალი დღე ევაკუაციის პროცესის გართულების ტოლფასია. პოკროვსკისგან განსხვავებით, დრო მეტად შეზღუდულია ქალაქ მირნოგრადში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. მათ მოუწოდებენ, სახლები რაც შეიძლება მალე დატოვონ. რთული ვითარება ნარჩუნდება ტორეცკის მიმართულებითაც.
გასულმა ღამემ საჰაერო განგაშის თანხლებით ჩაიარა უკრაინის ცენტრალურ ნაწილში. დრონებითა და რაკეტებით შეტევების გამო, სირენების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევსა და მის შემოგარენში, ასევე, ჩერნიჰივის, პოლტავის, ჟიტომირის, დნიპროს, ხერსონის, ვინიცის, მიკოლაევისა და რუსეთთან მოსაზღვრე სუმის ოლქებშიც. უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ყველა სამიზნე განადგურებულია.
აღმოსავლეთის ფრონტზე გაძლიერებული შეტევების გამო, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს კვლავ შეიარაღების გაძლიერებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ კურსკის ოლქში კიევის სამხედრო ოპერაცია არის იძულებითი ქმედება რუსული აგრესიის შესაჩერებლად. მოსკოვი კი სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ პოზიციას არ იცვლის. კრემლის პროპაგანდისტულ მედიასთან საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აღნიშნავს, რომ უკრაინა არღვევს საერთაშორისო სამართლის წესებს და კურსკის ოლქში უკანონოდ შეიჭრა.
„უკრაინას ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის წინსვლის შეჩერებისგან აშორებს მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი პარტნიორებისგან ველით – გადაწყვეტილება გრძელი რადიუსის შესაძლებლობების შესახებ. რამდენიმე თვის წინ რომ გაეგოთ ჩვენ ოპერაციის შესახებ, ბევრი პარტნიორი იტყოდა, რომ ეს არარეალური იყო და ყველაზე წითელ ხაზს კვეთდა იმ წითელ ხაზებს შორის, რომელიც რუსეთს აქვს. რუსეთის ე.წ. „წითელი ხაზების“ ყველა ცნება ამ დღეებში სადღაც სუჯას მახლობლად დაინგრა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ქმედებების სამართლიანობას ადასტურებენ ევროპული სახელმწიფოებისა და სტრუქტურების ლიდერებიც. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო. მის გარდა კიევისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა გერმანიის კანცლერმა. ოლაფ შოლცს მხარდაჭერის დადასტურება მას შემდეგ დასჭირდა, რაც ცნობილი გახდა, რომ 2025 წლიდან ბერლინი კიევის სამხედრო დახმარებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს ანახევრებს. უკრაინის მოწოდებას პასუხი გასცეს პრაღაშიც – ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი, რაც მილიარდ 400 მილიონ ევროს შეადგენს, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას მოხმარდება.
„უკრაინა სასტიკი აგრესორის წინააღმდეგ თავდაცვით ომს აწარმოებს, რომელიც მესამე წელია გრძელდება. რასაც ჩვენ ბრძოლის ველზე ვხედავთ, უკრაინასა თუ რუსეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ პუტინის უკანონო ქმედებების შედეგია. უკრაინას საკუთარი თავის დაცვის აბსოლუტური უფლება აქვს და ამას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ეს უკრაინასა და ევროკავშირს შორის პარალელურ გზას წარმოადგენს“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ.
„გერმანია არის და მუდამ დარჩება ევროპაში უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. დიდი შვიდეულის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ მხარდაჭერას 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებით. ეს მისცემს უკრაინას საშუალებას, უფრო მეტი შეიარაღება შეიძინოს. ქვეყანას შეუძლია ჰქონდეს ამ დახმარების იმედი“, – დაწერა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სოციალურ ქსელ X-ზე.
ევროკავშირში გაწევრების გარდა, სამხედრო უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, უკრაინის კიდევ ერთი მიზანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაა, რისი შემაფერხებელი ფაქტორი ჯერ მოსკოვის პოლიტიკური, ახლა კი სამხედრო აგრესია გახდა. ჩეხურ მედიასთან საუბრისას, ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებითაც უკრაინას შეუძლია, გახდეს ნატოს წევრი – მსგავს პრეცედენტად კი გასულ საუკუნეში, საბჭოთა კავშირის მიერ ორად გახლეჩილი და ნაწილობრივ ოკუპირებული გერმანია დაასახელა.
„არ ვფიქრობ, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება აუცილებელი პირობაა ნატოში გასაწევრებლად. თუ იქნება თუნდაც რომელიმე ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაცია, შევძლებთ ის დროებითად ვაღიაროთ და უკრაინა მივიღოთ ალიანსში იმ ტერიტორიით, რომელიც იმ დროისთვის მის კონტროლქვეშ იქნება“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
დასავლელი პარტნიორების მხარდამჭერი განცხადებების გარდა, კიევი ახლა მათგან კონკრეტული ქმედებების მოლოდინშია.
უკრაინაში მიაჩნიათ, რომ პრინციპული გადაწყვეტილებების გარეშე, რუსული აგრესიის დამარცხება რთული და გრძელვადიანი ამოცანა იქნება.