მთავარისაქართველო„ქართული ოცნება” ასახელებს მიზეზებს, რომელთა გამოც პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება

„ქართული ოცნება” ასახელებს მიზეზებს, რომელთა გამოც პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება

მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭო იმ მიზეზებს ასახელებს, რომელთა გამოც „ქართულ ოცნებას“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სჭირდება.

ამ მიზეზთაგან პირველი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან ჩამოშორებაა. „საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებისთანავე დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“ – წერია განცხადებაში. მეორე მიზეზად მმართველი პარტია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიღების აუცილებლობასა და ე. წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების საფრთხეს ასახელებს. კიდევ ერთ მიზეზს „ქართული ოცნება“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირებს – განცხადებაში წერია, რომ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში კონსტიტუციის ცვლილება აუცილებელი იქნება.

„რაც უფრო დიდი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო მხარდაჭერა, მით უფრო მცირე იქნება საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ცდუნება, კიდევ ერთხელ სცადონ ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის, ანუ ადგილობრივი ომის პარტიის დაბრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა“ – წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

„თავს ვალდებულად მივიჩნევთ დავაზუსტოთ, თუ რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა:

  1. პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება პოლიტიკური სისტემის თვისებრივად გასაჯანსაღებლად, რისი მიღწევაც პოლიტიკიდან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.
  2. საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში თანდათანობით სულ უფრო საშიშ სახეს იძენს. პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ, რომელიც მკრეხელობის, ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ლგბტ-პროპაგანდის ძალზე უხეშ, აღმაშფოთებელ ელემენტებს შეიცავდა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა იმ საფრთხის მასშტაბი, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას უკავშირდება.
    საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართულ ოცნებას“ მისცემს ზემოაღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტის მიღების შესაძლებლობას, რაც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვას უმაღლეს, კონსტიტუციურ ხარისხში განამტკიცებს.
  3. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში.
    4. არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ.

რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადაიტვირთება საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან.

26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად და ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად” – წერს „ქართული ოცნება.”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend