აზერბაიჯანმა „ბრიქსის“ გაერთიანებაში გაწევრებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ორგანიზაცია ცხრა წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, რომელთა შორისაც რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკები არიან.
სავარაუდოა, რომ ბაქოს ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ორდღიანი ვიზიტისას გამართული მოლაპარაკებების ერთ-ერთი შედეგია. ცნობილია, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას, კრემლის მეთაურმა რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა.
JUST IN: 🇦🇿 Azerbaijan formally applies to join BRICS. pic.twitter.com/ztyIMwO0pi
— BRICS News (@BRICSinfo) August 19, 2024
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 3 ივლისს, ასტანაში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, ხელი მოეწერა „დეკლარაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“.
დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, გამოხატული იყო აზერბაიჯანული მხარის „ბრიქსის“ გაერთიანებაში წევრობის სურვილი. მიიჩნევა, რომ რუსული, ბრაზილიური, ჩინური და სამხრეთ აფრიკული გაერთიანებისგან შემდგარი „ბრიქსი“ დასავლური სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ალიანსების საპირწონედ შეიქმნა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გამო რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.