FBI-ის და ამერიკის კიბერუსაფრთხოების სააგენტო აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებში ბრალს ირანს უყენებს.
ერთობლივი განცხადების მიხედვით, სადაზვერვო სამსახურები დარწმუნებულნი არიან, რომ ირანელები სოციალური ინჟინერიითა და სხვა ტიპის ძალისხმევით ცდილობდნენ, წვდომა მიეღოთ ინდივიდებზე, რომლებსაც თავის მხრივ წვდომა ჰქონდა ორივე პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო კამპანიაზე.
აშშ-ში აცხადებენ, რომ ეს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის პირდაპირი მცდელობაა.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს მიდგომა არ არის ახალი. ირანსა და რუსეთს გამოუყენებია ასეთი ტაქტიკა არამხოლოდ აშშ-ში საარჩევნო პერიოდის დროს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ირანის მისიამ გაეროში ვაშინგტონის ბრალდება უარყო და მას უსაფუძვლო უწოდა. გაეროში ირანის წარმომადგენელმა CNN-ს უპასუხა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას არ აქვს არც განზრახვა, არც მოტივი ჩაერიოს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში.
თეირანი მტკიცებულების ჩვენებას ითხოვს. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის რესპუბლიკური პარტიის შტაბმა მიმდინარე თვეს განაცხადა, რომ ისინი გახდნენ ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლნი და რომ მათი თქმით, კიბერდამნაშავეები „უცხოური ძალები“ არიან.
შტაბის ცნობით, მათ მიიღეს წვდომა შიდა დოკუმენტებზე, მათ შორის რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატზე ჯეი დი ვენსზე. მოგვიანებით, ელექტრონული მისამართებზე ჰაკერული თავდასხმის მცდელობაზე კომენტარი გააკეთა კამალა ჰარისისა და ჯო ბაიდენის ოფისმაც.