მთავარისპორტიესპანური კლუბის, “ლევანტეს” წარმომადგენლები ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ვარჯიშებს ატარებენ

ესპანური კლუბის, “ლევანტეს” წარმომადგენლები ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ვარჯიშებს ატარებენ

ესპანური კლუბის, ლევანტეს წარმომადგენლებმა დიდი დიღმის ბაზაზე საწვრთნელი ვარჯიშები უკვე დაიწყეს. ვარჯიშები 19 და 20 აგვისტოს ჩატარდება.

აღნიშნული ღონისძიების მთავარი სულის ჩამდგმელი საქართველოს ნაკრებისა და ლევანტეს ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილია.

ამ ვარჯიშების მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდებს მიეცეს უნიკალური შანსი, რათა მათ წარმოაჩინონ და დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები და ასევე კლუბმა აღმოაჩინოს ახალგაზრდა და პერსპექტიული ტალანტები.

ვარჯიშები 2006-დან 2011 წლამდე დაბადებულებულ მოზარდებში ტარდება.

20 აგვისტოს გაიმართება საბოლოო ვარჯიშები და მონაწილეები სერტიფიკატებითაც დაჯილდოვდებიან. ხოლო 10 საუკეთესო მოთამაშეს,  რომლებსაც „ლევანტეს“ პროფესიონალი მწვრთნელები აარჩევენ, შეეძლებათ ვალენსიაში, „ლევანტეს“ საწვრთნელ ბაზაზე 2 კვირის განმავლობაში ივარჯიშონ.

საქართველოში ასევე იმყოფება ქართველი აუდიტორიისთვის ცნობილი, „ლევანტეს“ სოციალური ქსელების ადმინისტრატორი ხავი, რომელმაც ქართველ გულშემატკივარს თავი, კლუბ „ლევანტეს“ ოფიციალურ გვერდზე ქართულ ენაზე დაწერილი პოსტებით დაამახსოვრა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. ნამდვილად გასაოცარი გამოცდილებაა აქ ყოფნა. მშვენიერი თავგადასავალია ჩემთვის და ჩემი კლუბისთვის. გავსინჯე თქვენი ტრადიციული კერძები, მათ შორის ხინკალი, ასევე დავათვალიერე ძველი თბილისი და ნამდვილად საოცარი ქვეყანა გაქვთ.

ამ საფეხბურთო ბანაკის მოწყობის მთავარი მიზანია, რომ ქართველი ახალგაზრდა ტალანტები აღმოვაჩინოთ. ვიცი, რომ საქართველოში ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გყავთ.

ქოჩორასთან ერთად თუ მის გარეშე, მე აუცილებლად გავაგრძელებ ლევანტეს ფეისბუქ გვერდზე პოსტების ქართულად გამოქვეყნებას. ვეცდები, რომ ის პირადი და ახლო ურთიერთობა, რაც ქართველ აუდიტორიასთან ჩამომიყალიბდა, უფრო და უფრო გავაღრმაო“, -ამბობს ხავი, “ლევანტეს” სოციალური ქსელების ადმინისტრატორი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend