მთავარისაქართველოგაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს მოუწოდებს, დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი

გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს მოუწოდებს, დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი

„მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“, –  ამის შესახებ მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის, იაპონიის, სლოვენიის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის, მალტის, ასევე მომავალი წევრების – საბერძნეთისა და დანიის სახელით გააკეთა.

ფრანჩესკა გატის თქმით, შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს – გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და დაუშვას ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეუზღუდავი წვდომა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

განცხადებაში ხაზი გაესვა საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ, ნებაყოფლობით და შეუფერხებლად დაბრუნების აუცილებლობას.

ფრანჩესკა გატის განცხადებას მალევე გამოეხმაურა გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი, დმიტრი პოლიანსკი. მან ომის დაწყებაში ისევ საქართველოს ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ციტატად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება მოიყვანა.

„ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტ უხეშ დარღვევას. აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთის ნაბიჯები რეგიონების ანექსიისკენ ამ რეგიონების პოლიტიკურ, სამხედრო, სასამართლო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ჩარევის გზით, მათ შორის, ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემით, არაკანონიერი ე.წ. არჩევნების ჩატარებით, მათ შორის, 2024 წლის მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების აფხაზეთსა და ცხინვალში ჩატარებით, ასევე 2024 წლის ივნისში სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით. ვგმობთ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, რომელიც ყოფს საქართველოს შიდა რეგიონებს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებას. ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს. ჩვენ ასევე ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე, დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან დასჯილი“, – განაცხადა გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend