საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელიც ქალაქ ოკლენდში უსახლკარო ადამიანებთან მუშაობს, საკვებ ამანათებში შეცდომით შეიტანა ტკბილეული, რომელიც მეტამფეტამინის ლეტალურ დოზას შეიცავს.
ტკბილეული ორგანიზაცია „ოკლენდის მისიამ” რიგითი შემომწირველისგან მიიღო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იმ ადამიანებთან დაკავშირება, რომელთაც, სავარაუდოდ, ეს ამანათები გადაეცათ, უკვე დაიწყეს.
ახალი ზელანდიის ხელისუფლების განცხადებით, ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ტკბილეულის მიღების შედეგად საავადმყოფოში სამი ადამიანი მოხვდა, თუმცა ამ დროისთვის ყველა მათგანი გამოჯანმრთელებულია.
ახალი ზელანდიის ნარკოტიკების ფონდის ინფორმაციით, თითოეულ შეფუთვაში მოთავსებული ტკბილეულის ფასი 600$-ს აღემატებოდა.
ფონდში აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკების უვნებელ პროდუქტად შენიღბვა მათი ქვეყანაში შემოტანის გავრცელებული მეთოდია და შესაძლოა, ამ ფორმით მეტამფეტამინი ახალ ზელანდიაში უფრო მასშტაბურად გავრცელდეს.