მთავარისაქართველოაფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

სამ ათწლეულზე მეტია, აგვისტოს თვე ქართველი ხალხისთვის მოუშუშებელ ტკივილთან ასოცირდება.  32-ე წელია ერისთვის 14 აგვისტო კალენდარში მორიგ მძიმე თარიღად ჩაიბეჭდა – ამ დღეს აფხაზეთის ომი დაიწყო.

ზღვისპირა რეგიონში შეიარაღებულ კონფლიქტს საქართველოში განვითარებული არაერთი მოვლენა უძღოდა წინ.

კონსტიტუციისა და მყარი პოლიტიკური მმართველობის გარეშე დარჩენილი სახელმწიფო ვერც შიდა და ვერც გარეშე არსებულ საფრთხეებს უმკლავდებოდა. ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, სოხუმში ანტიქართული განწყობები ჩამოყალიბდა.

მოგვიანებით, პროცესების კერა თბილისი გახდა. დედაქალაქის სამოქალაქო ომმა სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან ჩამოშორება გამოიწვია.

თბილისში დაწყებულმა არეულობამ მალე მთელი ქვეყანა მოიცვა. სიტუაციით აფხაზმა სეპარატისტებმა ისარგებლეს და 1925 წლის აფხაზეთის კონსტიტუციის აღდგენით, სუვერენიტეტის გამოცხადება გადაწყვიტეს.

პარალელურად, აფხაზეთის რკინიგზაზე გახშირდა დივერსიები და რუსეთისა და სომხეთის მიმართულებით მოძრავი სატვირთო შემადგენლობების ძარცვა. სეპარატისტულმა ძალებმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი მძევლად აიყვანეს.

აფხაზეთის რკინიგზაზე წესრიგის დამყარებისა და მძევლების გათავისუფლების მიზნით, 1992 წლის 10 აგვისტოს, ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ, ზღვისპირა რეგიონში ქართული ჯარის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

4 დღეში სოჭი-ზუგდიდის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად გაგზავნილ ქართულ შენაერთებს სეპარატისტულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს.

ომის საწყისი დღეები საქართველოს სახელმწიფო ჯარისთვის წარმატებული აღმოჩნდა. 15 აგვისტოს, გაგრის რაიონის სოფელ განთიადში ქართული დესანტი შევიდა. დამყარდა კონტროლი გაგრისა და ჩრდილო დასავლეთით, რუსეთის საზღვრამდე არსებულ მთელ ტერიტორიაზე.

18 აგვისტოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სეპარატისტებისგან სრულად გაწმინდა სოხუმამდე მისასვლელი გზები და ქალაქზე კონტროლი აღადგინა.

ქართული შენაერთების წინსვლის მიუხედავად, წარმატების ბოლომდე მიღწევა მაინც გაჭირდა. მიზეზი სეპარატისტების ხელში აფხაზეთის საკვანძო მონაკვეთების ხელში ჩაგდება გახდა.

ქართული მხარისთვის სტრატეგიულ სამიზნეს გაგრა წარმოადგენდა. ქალაქის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია დაიგეგმა, თუმცა ავტომაგისტრალზე მყოფ სახელმწიფო შენაერთებს სამი მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. ოპერაცია შეჩერდა და დიდი დანაკარგების გამო შავნაბადას ბატალიონს გაგრის მისადგომებიდან უკან დახევა მოუწია.

3 სექტემბერს პირველად დაიწყო საუბარი ცეცხლის შეწყვეტაზე. მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები – ედუარდ შევარდნაძე და ბორის იელცინი, ასევე სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ „ლიდერი“, ვლადისლავ არძინბა შეხვდნენ. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდა და მალევე დაირღვა. საკითხი მორიგი ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა.

ამ დროისთვის, საქართველოს სრულყოფილი შეიარაღებული ძალები არ ჰყავდა. ქართული ჯარი რაზმებად იყო დაყოფილი, რომელთა შორისაც ერთიანი კოორდინაცია არ არსებობდა. ცალ-ცალკე მოქმედებამ სეპარატისტებს შეტევის გაგრძელებისა და ქალაქ გაგრის აღების საშუალება მისცა. მათ ზურგს ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები და დაქირავებული რაზმები უმაგრებდნენ. გაგრის აღების შემდეგ სეპარატისტები ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ.

1992 წლის ოქტომბერში აშკარა გახდა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრის პარალელურად, აფხაზეთს ქართველების წინააღმდეგ ომში მნიშვნელოვნად ეხმარებოდა რუსეთი. ფაქტმა თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა გამოიწვია. სეპარატისტების გაძლიერებაში არანაკლები როლი მიუძღოდა ომში ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთის, ბაგრამიანის ბატალიონის ჩაბმას.

1993 წელს მზარდმა ესკალაციამ, აქამდე დაკავებული პოზიციების დათმობამ და ადამიანური დანაკარგების რაოდენობამ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება სოჭის მოლაპარაკებებამდე მიიყვანა. სამმხრივი შეთანხმებით, ქართულ ჯარს სოხუმიდან არტილერია და ჯავშანტექნიკა უნდა გაეყვანა, აფხაზურ ტექნიკაზე კონტროლი კი რეგიონში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალათ.

ქართულმა მხარემ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა, თუმცა მოსკოვის დახმარებით, აფხაზი სეპარატისტები სოხუმში სამხედრო ოპერაციას გეგმავდნენ.  

ქალაქის შტურმის გეგმა რუსეთის გენშტაბში შემუშავდა და მისი სისრულეში მოყვანა 16 სექტემბერს დაიწყო. კიდევ ერთხელ უხეშად დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც წესით რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა.

სეპარატისტებს რუსული ავიაცია ეხმარებოდა. სოხუმიდან დაიწყო ქართული მოსახლეობის ევაკუაცია, რისთვისაც უნდა შემუშავებულიყო ჰუმანიტარული გეგმა. 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომლის ბორტზე სამხედრო შენაერთების გარდა, სამედიცინო მუშაკები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული ხომალდებიდან სითბური რაკეტა ესროლეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავი სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დაესვა, თუმცა ავიალაინერში მყოფი 132 მგზავრიდან 108 დაიღუპა.

სამხედრო კონფლიქტის ერთ-ერთი ბოლო წერტილი 1993 წლის 27 სექტემბერს, სეპარატისტების მიერ სოხუმის აღება და ქალაქის დაცემა გახდა.

ომს, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა მძიმე სტატისტიკა აქვს. 16 000 დაღუპული, ათასობით დაკარგული და 300 000 იძულებით გადაადგილებული პირი. დევნილთა უდიდესი ნაწილი სვანეთის უღელტეხილებით შველოდა თავს. მარშრუტი მძიმე იყო. კლიმატური პირობების გამო, 500-მდე ლტოლვილი გზაში გაიყინა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა აფხაზეთში, სამხედრო მოქმედებებისას, ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინეს, მათ შორის – არაადამიანური მოპყრობის, ძარცვის, გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტები.

32 წლის შემდეგ, სახელმწიფოს ჩართულობით, გრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა ნეშტების გადმოსვენება. მათ შორის როგორც სამოქალაქო პირები, ისე სამხედროები არიან. საომარი მოქმედებების დასრულების მიუხედავად, მოსკოვი სოხუმზე გავლენას მარიონეტული რეჟიმის არსებობითა და პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ოკუპაციით აგრძელებს.

თბილისში კი, აფხაზეთის ომის დაწყების 32-ე წლისთავზეც, თითოეულ დევნილს კვლავ აქვს ენგურის ხიდის მეორე მხარეს, საკუთარ სახლებში დაბრუნებისა და აფხაზეთის სანაპიროების ხილვის იმედი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend