მთავარიევროპარუსეთი120 ათასზე მეტი ევაკუირებული და მოსახლეობისგან დაცლილი ბელგოროდი - უკრაინის სახმელეთო ოპერაციის...

120 ათასზე მეტი ევაკუირებული და მოსახლეობისგან დაცლილი ბელგოროდი – უკრაინის სახმელეთო ოპერაციის მერვე დღე

რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე, კურსკის ოლქის კონტრშეტევაში მონაწილეობა უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის ცნობით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე 1 000 კვ. კმ. ფართობს აკონტროლებს. უკრაინის სამხედრო მმართველობის მონაცემებს ნაწილობრივ ადასტურებს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი.

ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, ოპერაციის მერვე დღეს უკრაინელთა კონტროლქვეშაა 40 დასახლებული პუნქტი. სრულადაა დაკავებული ქალაქი სუჯა, რომელიც, ექსპერტების აზრით, უკრაინელებს შეტევის ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გაგრძელების საშუალებას მისცემს.

სულ უფრო მცირე მანძილი რჩება ქალაქ კურჩატოვომდე, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის ჯარის ცალკეული ქვედანაყოფები გამოჩნდნენ ბოლშესოლდატსკის რაიონში, საიდანაც 12 აგვისტოს მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. კონტრშეტევის ზონა კურსკის გარდა, ბელგოროდის ოლქიცაა. ომის დაწყების დღიდან, რუსეთი რაკეტებს უკრაინული დასახლებების მიმართულებით, ყველაზე ხშირად და მასიურად სწორედ საზღვრისპირა რაიონებიდან ისვრის.

კვლავ გრძელდება მოქალაქეების ევაკუაცია. ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონი 11 000-ზე მეტმა პირმა დატოვა.

კრემლის ცნობით, სახმელეთო ოპერაციის დაწყების დღიდან, სხვადასხვა დასახლებიდან ევაკუირებულია 120 000-ზე მეტი მოქალაქე.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და მათთვის სპეციალური ჰუმანიტარული პროგრამის შემუშავება მიმდინარეობს.

რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დღიდან, საკუთარი საცხოვრებლის იძულებით დატოვება გაეროს მონაცემებით, 11 მილიონზე მეტ მოქალაქეს მოუწია, ხოლო მათ ჰუმანიტარულ დახმარებაზე მოსკოვს არანაირი გეგმა არ შეუმუშავებია.

უკრაინელების წინსვლასა და დასახლებულ პუნქტებზე კონტროლის დაკარგვას ადასტურებს კრემლიც, თუმცა კიევისგან განსხვავებული მონაცემებით.

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა უშიშროების საბჭოს საგანგებო თათბირზე ვლადიმირ პუტინს რუსული არმიის ტერიტორიული და სამხედრო დანაკარგების შესახებ აცნობა.

კვირაზე მეტია, რუსეთის ლიდერის ეპითეტები უცვლელია – კიევი მისთვის კვლავ „ტერორისტული“ და „ნეონაცისტური“ რეჟიმია.

ცვალებადი აღმოჩნდა მხოლოდ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებული პოზიცია. აქამდე მოსკოვი აცხადებდა, რომ პრიორიტეტი მშვიდობის დამყარება იყო, ახლა კი „მძიმე პასუხებით“ იმუქრება.

„როგორც ჩანს, მოწინააღმდეგე სამომავლოდ მოლაპარაკებების პოზიციების გაუმჯობესებას გეგმავს. რა სახის მოლაპარაკებებზე უნდა ვილაპარაკოთ ხალხთან, რომელიც რაკეტებით მიზანმიმართულად ურტყამს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ცდილობს, საფრთხე შეუქმნას ბირთვულ ენერგეტიკას? რაზე უნდა ველაპარაკოთ ამ ადამიანებს? მსგავსი ქმედებები, რა თქმა უნდა, მიმართულია ჩვენი სამხედროების გასაჩერებლად დონეცკის, ლუჰანსკისა და ნოვოროსიის სრულად „გათავისუფლებულ“ ტერიტორიებზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მორიგ საგანგებო თათბირზე.

კრემლის მუქარების პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამერიკელ სენატორებთან საუბრის მთავარი თემა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა და კონტრშეტევებისას, რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის თავისუფლად გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნა იყო. თავად სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით კი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის ომმა სახლში გადაინაცვლა და მოსკოვი იძულებული უნდა გახდეს, დათანხმდეს მშვიდობას.

„მოხარული ვარ, რომ ოპერაციის შესახებ არაფერი გითქვამთ. კარგია, რომ უბრალოდ ეს გააკეთეთ. მოხარული ვარ, რომ ამ ომს პუტინს გადასცემთ და არწმუნებთ, რომ მან ომის საფასური უნდა გადაიხადოს. ვიმედოვნებ, 2024 წელს თქვენ უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებთ კონგრესისგან. მომავალ წელს ჩვენ ახალი პრეზიდენტი გვეყოლება. ვფიქრობ, განურჩევლად იმისა, „რესპუბლიკელებს“ წარმოვადგენთ თუ „დემოკრატებს“, ჩვენი ეროვნული ინტერესია, უკრაინა გადარჩეს“, – განაცხადა სენატორმა ლინდსი გრემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.

„სამართლიანია ვანადგურებდეთ რუს ტერორისტებს იქ, საიდანაც ისინი უშვებენ რაკეტებს. მაგალითად, რუსული სამხედრო აეროდრომები, ლოჯისტიკის ცენტრები. მივიჩნევთ, რომ ეს მშვიდობასთან მიახლოების გზაა. თუ პუტინს სურს, აწარმოოს ომი, ჩვენ მას უნდა ვაიძულოთ მშვიდობის დამყარება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დასავლეთში უკრაინის სამხედრო ოპერაციას წარმატებულს უწოდებენ, თუმცა ქვეყნებს კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება უჭირთ.

უკრაინის პარტნიორების ნაწილს მიაჩნია, რომ კიევს აქვს უფლება, რუსეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე მიიტანოს იერიში. მოსაზრების მოწინააღმდეგეები ვარაუდობენ, რომ ეს ვითარებას უფრო დაძაბავს და როგორც უკრაინისთვის, ისე მთლიანი ევროპისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება – პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით.

902-ე დღეა, კიევის პოზიცია უცვლელია – აგრესორის დასამარცხებლად მათ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, არამხოლოდ სიტყვიერი, არამედ შეიარაღების სახით – მითუმეტეს მაშინ, როცა მტრის სახელმწიფო საზღვრის გარღვევა და სიღრმეებში შესვლა შესაძლებელი გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend