ათასობით უკრაინელი სამხედრო რუსეთის საზღვრებს შიგნით დაახლოებით 30 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლაა რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვმა სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ებრძვიან რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინელ სამხედროებს კურსკის სასაზღვრო რეგიონში.
კონფლიქტის დაწყებიდან უპრეცედენტო მოვლენაა, უკრაინა რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. მოსკოვისთვის ეს მოულოდნელი იყო.
სამხედრო ხელმძღვანელობას უჭირს, შეაკავოს წინააღმდეგობა. ოპერაციის მიზანი ჯერჯერობით უცნობია. უკრაინელმა სამხედროებმა, წარმატებას რომ მიაღწიონ, დუმილის პოლიტიკა აირჩიეს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ათიათასობით მოქალაქემ დატოვა თავისი საცხოვრებელი. მათ დახმარებას რუსეთის „წითელი ჯვრის საზოგადოება“ უწევს. მოეწყო დროებითი თავშესაფრები და ამოქმედდა ცხელი ხაზი მათთვის, ვინც რეგიონში დაკარგულ ნათესავებს ეძებს.
რუსეთის ტერიტორიაზე დაძაბულობა იზრდება. ბელარუსმა უკრაინის საზღვართან ტანკები გაგზავნა, რისი ამსახველი ფოტომასალაც ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ თავად გაავრცელა. მათი განცხადებით, საზღვარზე ტანკების განთავსების გადაწყვეტილება ნებისმიერი შესაძლო პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად მიიღეს.