მთავარისაქართველოგორის სამხედრო ჰოსპიტლის 16 წლის წინანდელი ისტორია - ექიმები სიცოცხლის სადარაჯოზე

გორის სამხედრო ჰოსპიტლის 16 წლის წინანდელი ისტორია – ექიმები სიცოცხლის სადარაჯოზე

16 წლის წინ, 2008 წელს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში უამრავი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა. დღემდე უმძიმთ 2008 წლის ამბების გახსენება იმ ექიმებს, რომლებიც ომის დროს დაუღალავად იბრძოდნენ მოქალაქეთა გადასარჩენად. ეს ადგილი ფრონტის ხაზიდან სულ რაღაც 20-ამდე კილომეტრით იყო დაშორებული. აქ დაშავებულები ომის წინა დღეებშიც ხშირად მიუყვანიათ. „წინა დღეებში, კარგად მახსოვს… რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს შსს-ს დაჭრილი თანამშრომლები, მგონი, 5 (აგვისტო) იყო მაშინ…“ –  იხსენებს ქირურგი გიორგი ჯავახიშვილი. იმ დღეების განმავლობაში ჰოსპიტალში ექიმებმა 1500-ამდე პაციენტს აღმოუჩინეს დახმარება, გაკეთდა დაახლოებით 50 გადაუდებელი, კრიტიკული მნიშვნელობის ოპერაცია… „უკვე 7 რიცხვიდან ღამე, რვა რომ გახდა, არ დაგვავიწყდება, ძირითადი ნაკადი მაშინ იყო“, – ამბობს ანესთეზიოლოგი რამაზ გელაშვილი.

ფრონტის ხაზიდან მანძილი ყოველ წუთს იცვლებოდა. რუსეთის საოკუპაციო არმია კიდევ უფრო უახლოვდებოდა ქალაქ გორს. ჰოსპიტალში პაციენტების ნაკადი არ წყდებოდა, არ იღლებოდნენ ექიმებიც. სამხედრო ჰოსპიტლის გორში დაბადებული ქირურგისთვის, გიორგი მურაჩაშვილისთვის, ქალაქში დარჩენა და საკუთარი თანაქალაქელების დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო… იმ დღეებიდან მის მეხსიერებას უამრავი ტრაგიკული ეპიზოდი შემორჩა.

„აი, ძმა რომ ძმას ეხუტება, ცნობილი კადრებია, ის ბიჭიც პირველად ჩვენ ვნახეთ…გავსინჯე… ყველა, ყველა მიცვალებული იყო. გაშეშებული… ქალი აღმოვაჩინეთ ცოცხალი, ორსული ყოფილა თურმე. 6 თვის… სასწრაფო ვერ მოვიდა იმ ადგილამდე, ცეცხლი ეკიდა სახურავს, გავარვარებული შიფერი სკდებოდა, თავზე გვეყრებოდა, ელექტრობოძი იყო წაქცეული…“ – იხსენებს ქირურგი გიორგი მურაჩაშვილი.

რუსეთის საოკუპაციო არმიის ქალაქში შემოსვლამდე არაერთხელ დაიბომბა გორი, დაიბომბა გორის სამხედრო ჰოსპიტალიც. მიუხედავად იმისა, რომ მტერს კარგად შეეძლო გაერჩია, რომ ეს არ იყო სამხედრო ობიექტი და აქ მხოლოდ დაშავებულთა სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ, კრემლის რაკეტები მაინც არაერთხელ მოხვდა მას. საჭირო გახდა ჰოსპიტლიდან ხალხის ევაკუაცია. ერთ-ერთი ექიმი, გიორგი აბრამიშვილი, ჰოსპიტალში დარჩა, რუსები უკვე ძალიან ახლოს იყვნენ. დაბომბვა არ წყდებოდა. იგი სწორედ ერთ-ერთი ჭურვის ჩამოვარდნის დროს დაიღუპა. გიორგი აბრამიშვილის მემორიალი ახლა ჰოსპიტლის ეზოშია.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი 2013 წლიდან ექიმ გიორგი აბრამიშვილის სახელობისაა. ამ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ექიმთა დიდი ნაწილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა. მათ უამრავი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend