მეცნიერები დიდი ხანია ოკეანეებში, ჰაერში, საკვებსა და წყალშიც კი, მიკროპლასტმასას პოულობენ. ისინი ასევე აღმოჩენილია ადამიანების ორგანიზმში, გულში, ღვიძლში, თირკმელებსა და სათესლე ჯირკვლებშიც კი.
საზიანოა თუ არა ეს? არის მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ მიკროპლასტმასამ შესაძლოა გარკვეული ზიანი მოგვაყენოს. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ კვლავ არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი არ აქვთ.
მკვლევრები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან მიკროპლასტმასით. შეიძლება თუ არა მიკროპლასტმასა იყოს ადამიანის სხეულში?
ზოგიერთმა ავსტრალიელმა მკვლევარმა, 2019 წელს გამოთვალა, რომ მრავალი ადამიანი ერთ კვირაში იღებს დაახლოებით 5 გრამ პლასტმასას საკვებიდან და სასმლიდან. თუმცა ამას ყველა მკვლევარი არ ეთანხმება.
მკვლევრები ჯერ კიდევ ცდილობენ, პლასტმასის ზემოქმედების დონის განსაზღვრას, ისინი მუდმივად პოულობენ პლასტმასის ნაწილაკებს სხეულის ქსოვილებში.
„მიკროპლასტმასას ნაწილაკები შეიცავენ პლასტმასში არსებულ ყველა ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას. მათ შეუძლიათ ამ ტოქსიკური ქიმიკატების გადატანა ქსოვილებში, ადამიანის ორგანოებში. ამ ქიმიკატთაგან ზოგიერთმა შეიძლება გამოიწვიოს კიბო, ზოგმა კი გამოიწვიოს ნევროლოგიური დაავადებას. ასევე შეიძლება დაირღვეს ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსი”, – ამბობს, ფილიპ ლანდრიგანი, გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის დირექტორი ბოსტონის კოლეჯში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის ანგარიშში წერია, რომ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არ არსებობს აშკარა საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
თუმცა ექსპერტი, ტრეისი ვუდორფი ამბობს, რომ მიკროპლასტმასა ზიანის მომტანია, რადგან ის ტოქსიკურ ქიმიკატებს შეიცავს. მისი თქმით, შესაძლოა, მიკროპლასტმასა იყოს ახალგაზრდებში კიბოს შემთხვევების ზრდის მიზეზი.
„დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევების მიხედვით მიკროპლასტმასა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. მტკიცებულებების განხილვისა და მათი შეჯამების საფუძველზე ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შესაძლებელია. და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები იმისთვის, რომ მიკროპლასტმასას ზემოქმედება მაქსიმალურად შევამციროთ”, – ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტში, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გარემოს პროგრამის ხელმძღვანელი, ტრეისი ვუდროფი
მკვლევრები ამბობენ, რომ შესაძლებელია, მიკროპლასტმასას ზემოქმედება შევამციროთ სხვადასხვა გზით. მაგალითად, სახლში შესვლამდე გავიხადოთ ფეხსაცმელი, რომ არ შევიტანოთ მტვერი, რომელიც პლასტმასას შეიცავს. ასევე შეგვიძლია, გამოვიყენოთ მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები წყლისთვის და არა პლასტმასის ერთჯერადი ბოთლები.